კელი დეგნანი: ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ, შეერთებული შტატები ამ არჩევანის მხარდაჭერას გააგრძელებს

“ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში აცხადებს.
ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ელჩის თქმით, ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები ამ არჩევანის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„საქართველომ, ისევე, როგორც ამერიკამ, იბრძოლა თავისი თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას, ბევრი ქართველი გავიცანი, რომელიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც – ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო ან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, მან ვალდებულება აიღო, დაიცვას ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც ნატო-სა და ნატო-საქართველოს კომისიასთან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია“, – აცხადებს კელი დეგნანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები