„აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდა

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში, 27 ოქტომბერს, ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში”, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა” და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

“მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ რამდენიმე გემის დაფინანსებაზეც. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, წაადგება ფოთს, წაადგება ქვეყანას და გაზრდის ჩვენი თევზჭერის პროდუქტიულობას” – განაცხადა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

აღსანიშნავია, რომ გემი წარმოადგენს ვიკინგური ტიპის გემს, რომელიც აშენდება, თურქეთში, ტრაპზონში. გემი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ქისა ბადით, ეს უკანასკნელი კი განკუთვნილია შავი ზღვის ძირითად რესურსზე – ქაფშიაზე (იგივე ხამსა) სათევზაოდ.

მეთევზე, გოჩა ლაბარტყავას განცხადებით, წლიური წარმოების მოცულობა 4 ტონას გადააჭარბებს, საქმიანობის დაწყების შემდგომ კომპანია 18 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ გეგმავს ქაფშიას შესანახი მაცივრის გაკეთებას და დეფიციტურ თვეებში მის ექსპორტს თურქეთში.

მეთევზე „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში გემის ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში” განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 158 182 ლარი იქნება.

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში” თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები