„არ მეგულება ადამიანი, ქართველად თვლიდეს თავს და ეს სანუკვარი სახელი არ გაეგონოს“…

27 ოქტომბერი პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. მას 180 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ პოეტი ნინო არსენაშვილი ჯგუფში „ქართული საბავშვო მწერლობა“ სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. გილოცავთ! ვულოცავ მთელ საქართველოს, რომ ჰყავს ასეთი მამულიშვილი. არ მეგულება ადამიანი, ქართველად თვლიდეს თავს და ეს სანუკვარი სახელი არ გაეგონოს; არ გადაეშალოს „დედა ენა” და მით არ დაეწყოს ადამიანური ცხოვრება. ქვემოთ უფრო ვრცლად გიამბობენ, მაგრამ რაც არ უნდა ვრცლად მოვყვეთ, ამას ჯობს თვითონ წაიკითხოთ მისი „საგანძური” თუ „ბუნების კარი”, გაიცნოთ ის საოცარი მასალა, რომელიც მთელ საქართველოში მარგალიტებივით შეკრიბა. მე კი აქ შოთა ნიშნიანიძის ლექსს შემოგთავაზებთ.

გოგებაშვილის „დედა ენა“

– ეს წიგნი ერის ბურჯია!
– ხარობენ მამა-პაპანი.
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ,
ერის მეც ვზიდე ჭაპანი.
მოფრინდა შავი მერცხალი
ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში,
ჩაფინა იის ღერები.
პატარა წიგნი ბედ-იღბლით
კიდობანს გამოემგვანა
და რაც შიგ გადანახულა,
ის გადაარჩენს ქვეყანას.
მე კი მგონია, ფრესკაზე
ყრმა რომ ზის დედის კალთაში,
თუ „დედა ენას” მივუტანთ,
დიდივით კრძალვით გადაშლის;
თითს გააყოლებს ასოებს:
ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს
და იტყვის: აი იაო.
იდიდე, წიგნო, იდიდე,
ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა, ღმერთკაცი
იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები