„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ – ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის, იუვენილური ართრიტით დაავადებული პაციენტების მშობელთა კავშირისა და რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო,რომელიც ნათია მერლანის ხსოვნას მიეძღვნა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ღონისძიება საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან კიდევ მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პაციენტებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა მაკა იოსელიანმა, იუვენილური ართრიტით დაავადებული პაციენტების მშობელთა კავშირის წარმომადგენელმა ანა ბოქოლიშვილმა, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენელმა ინგა მამუჩიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმები, რევმატოლოგები, პაციენტები და მედია.

“რევმატოიდული ართრიტი და საერთოდ სახსრების დაავადებები ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. თუ მკურნალობა მიზანმიმართულად არ არის ჩატარებული სავალალო მდგომარეობამდე მივყევართ. ფაქტობრივად, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის პირები ხდებიან. აქედან გამომდინარე, დროულად დაწყებული მკურნალობა ეფექტურ შედეგს იძლევა, დღევანდელი დღე მისასალმებელია, რადგან ყველა თემის აქტუალიზაცია შედეგის და იმედის მომცემია, აქტიურობას და საზოგადოების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე,მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია,სახელმწიფო პასუხისმგებელია და რევმატოიდულ ართრიტის მკურნალობის ხელშეწყობაზე,” – განაცხადა მაკა იოსელიანმა.

„დღეს იუვენილური ართრიტით დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები ფინანსდებან მთელ საქართველოში და მათი სრულყოფილი მკურნალობა ხდება სრული დაფინანსებით. დაავადება პროგრესული გახლავთ, თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის პრაქტიკულად განუკურნებელი იყო, მაგრამ აცილება მისი დროული მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა. მითუმეტეს დღეს, როდესაც უკვე არსებობს ბილოგიური წარმოშობის პრეპარატები, რომლებიც მეტად ეფექტურია, იგივეს ვიტყოდი რევმატოიდული ართირტის მქონე პაციენტებზეც, მათ სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომა სასწრაფოდ ესაჭიროებათ, მედიკამენტი ძალიან ძვირია და ხელმისაწვდომობა დაბალი.ამიტომ სახლემწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია,“ – აღნიშნავს ანა ბოქოლიშვილი.

„გახლავართ ექიმი-პედიატრი,მაგრამ ამავდროულად რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტი. ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპებს! 2011 წლიდან დამიდგინდა ეს დაავადება და სამწუხაროდ, მაშინ დამთავრდა ცხოვრება, როდესაც მართლა ყველაზე მარტივიც კი რთულად მეჩვენებოდა. არ შემეძლო ჭიქის ხელში აღება, გადაადგილება, სამსახურში წასვლა, სადაც მელოდებოდა ყოველდღე დაახლოებით, 20-25 ბავშვი და მაშინ ვიგრძენი, რომ აუცილებლად საჭირო იყო რაღაც ქმედება. დავიწყე მკურნალობა,რომელიც აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ შემდეგ ცნობილი გახდა ბიოლოგიური პრეპარატების შესახებ ,რომლის გამოყენებაც დავიწყე და სწორედ, ამ ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენების შემდეგ მე გადავედი რემისიაში, თუმცა ბიოლოგიური პრეპარატები ამ დაავადების შემთხვევაშ მუდმივად არის საჭირო, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. დაავადება არ ინკურნება: ადამიანმა არ მიიღოს დეფორმაციები, არ გახდეს ინვალიდი (უნარშეზღუდული), არ მიეჯაჭვოს ინვალიდის სავარძელს, მას სჭირდება აღნიშნული პრეპარატი, რომელიც პრაქტიკულად მიუწვდომელია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. აქედან გამომდინარე, შევქმენით “რემატოიდული ართრიტით დაავადებულთა პაციენტთა კავშირი“ და მივმართეთ ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ხელეწიფება და რომელსაც შეუძლია დაგვიდგეს გვერდში”, – განმარტავს ინგა მამუჩიშვილი.

ინფორმაცია დაავადების შესახებ ართრიტი – არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.
რევმატოიდული ართრიტი, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, ხასიათდება სახსრების ქრონიკული ანთებით. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიო პოპულაციის 1 %. ამ დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია, როგორც კლინიკურ კრიტერიუმებზე ისე ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.

იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია. ის უპირატესად სახსრების და თვალის დაზიანებით მიმდინარეობს. ბავშვების დიდ ნაწილს უვითარდება ქრონიკული პერსისტული ართრიტი, აღენიშნება მნიშვნელოვანი შრომისუუნარობა და შესაძლებლობების შეზღუდულობა განსაკუთრებით მძიმე ფორმებისას – III-IV ჯგუფის პაციენტები 5-10 წლის განმავლობაში ეტლით მოსარგებლე ხდებიან. დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების პროგრესირებას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა იუვენილური ართრიტის ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის პროგრამა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობას, პრეპარატები უსასყიდლოდ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები