“რითეილ ასოციაციის” თავმჯდომარე: მთავრობის მიერ დაწესებულმა საშემოსავლო შეღავათმა შეგვანარჩუნებინა სამუშაო ადგილები, ამიტომ ვთხოვეთ 6 თვით ამ შეღავათის კიდევ გაგრძელება

“სახელმწიფოს კეთილი ნებით, ვრცელდებოდა საშემოსავლოს საშეღავათო პერიოდი პირველ ნოემბრამდე, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა სექტორზე, ვინაიდან, ჩვენ შევძელით, სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, – ამის შესახებ რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ, მირანდა მანჯგალაძემ, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასოციაცია ითხოვს, რომ აღნიშნული შეღავათი შემდეგი 6 თვით გადავადდეს.
„დღეს, პრემიერ-მინისტრთან შედგა შეხვედრა, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მეშვეობით, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო. მე წარმოვადგენ ორგანიზებული ბაზრის სასურსათო ქსელური მაღაზიების “რითეილ ასოციაციის” თავმჯდომარეს, შესაბამისად, ჩვენზე, სახელმწიფოს კეთილი ნებით, ვრცელდებოდა საშემოსავლოს საშეღავათო პერიოდი პირველ ნოემბრამდე, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა სექტორზე, ვინაიდან, ჩვენ შევძელით, სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესებულა და პირიქით, გაუარესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსი „ლოკდაუნი” არ იგეგმება, თუმცა ჩვენ „ლოკდაუნის” დროსაც ვმუშაობდით, იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს სასურსათო მაღაზიებს, სახელმწიფოსაც, რა თქმა უნდა, შეზღუდული რესურსები აქვს, აქედან გამომდინარე ვითხოვთ, რომ  გადავადდეს შემდეგი 6 თვით ეს შეღავათი, რომელიც პოზიტიურად იმოქმედებს ჩვენს სექტორზე, რომ შევძლოთ მოსახლეობის სურსათით უწყვეტი მომარაგება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ვიმედოვნებთ, რომ წერტილოვანი შეღავათების განხორციელების დროს, ჩვენი სექტორი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ გაგვიხანგრძლივებენ ამ შეღავათს, იქიდან გამომდინარე, რომ შევძლოთ ოპერატიულად მომხმარებელზე და საზოგადოებაზე ზრუნვა, ასევე სასურსათო მარაგების მიწოდება, რომელსაც ძალიან კრიზისულ მომენტშიც კი ვაკეთებდით.
​ამჟამინდელი ვადა არის პირველ ნოემბრამდე, შესაბამისად ჯერ კიდევ არის დრო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს შეზღუდული რესურსი აქვს სუბსიდირების, აქედან გამომდინარე, მათ უნდა გადაწყვიტონ, წერტილოვნად, რომელი სექტორი უფრო პრიორიტეტულია იმისთვის, რომ ეს შეღავათი მიიღონ. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და აქედან გამომდინარე, საიმედო მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შეღავათი ჩვენზე გავრცელდება. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, მადლობა პრემიერ-მინისტრს, ბიზნესომბუდსმენის ოფისს”, –  აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები