“ქართუ“ რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს
მე მაქვს იდეა, რომ ფონდ “ქართუს“ მეშვეობით სიმბოლურად რამდენიმე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდეს – ამის შესახებ “მოქალაქეს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ივანიშვილმა მომავალში ზოგიერთ “ენჯეო”-სთან ერთად ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაც არ გამორიცხა.
“მაქვს იდეა, რომ ფონდ “ქართუს“ მეშვეობით სიმბოლურად რამდენიმე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდეს. როდესაც ამ თემაზე კონკურსს გამოვაცხადებთ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მათი სიმბოლური დაფინანსება შეიძლება 50 ათასი ლარია იყოს, და არა მეტი. ასეთი სიმბოლური თანხა მათი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ეს იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან. გვინდა ასეთი ხალხისგან შეიქმნას ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც “მოქალაქეს“ წესდებაში მოცემულ მიმართულებებს განავითარებენ და საზოგადოებას დაეხმარებიან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ ახლად დაფუძნებულ ორგანიზაცია “ევროპულ არჩევანთან” დაკავშირებითაც ისაუბრა და მასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. პრემიერის თქმით, ეს ორგანიზაცია საზოგადოებას სამართლის მიმართულებაში დაეხმარება.
“არჩილ კბილაშვილი გახლავთ პროფესიონალი იურისტი, მისი დაფუძნებული ორგანიზაციის სახელიც ძალიან საინტერესოა – “ევროპული არჩევანი“. ეს ორგანიზაცია სამართლის მიმართულებით დაეხმარება საზოგადოებას. დღესაც მოხიბლული ვარ არჩილ კბილაშვილის პირველი განცხადებით, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. როდესაც მოქალაქეზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ხშირად მახსენდება, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. მას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.