მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალაშენებული საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან ერთად მოინახულა.
„დღეს ვესტუმრე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საჯარო სკოლას. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივმა მოსწავლეებმა სწორედ ახალი შენობის კედლებში შეძლეს სასწავლო პროცესის განახლება. თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სოფელ სიქთარვის სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზედმიწევნით არის დაცული ყველა ის სანიტარულ-ჰიგიენური წესი, რაც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისა და ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი”,-აღნიშნა მინისტრმა.
სიქთარვის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით ააშენა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია.
შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოწყობილია პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები. შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. ეზოში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.
არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითადი ნაწილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.