ბაიდენი: რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის პასუხს აგებს
აშშ-ში ტენესის შტატში ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატების – დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ფინალური დებატები გაიმართა.
პოლიტიკოსები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და დებატები 1,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მანამდე, ორივე კანდიდატმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა და ორივე პასუხი იყო უარყოფითი.
29 სექტემბრისგან განსხვავებით, დღევანდელ დებატებზე იყო ცვლილება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ მოდერატორს ჰქონდა შესაძლებლობა, დებატებში მონაწილეებისთვის მიკროფონები გამოერთო, რომ ერთმანეთს აზრის გამოთქმაში ხელი არ შეშლოდათ, როგორც ეს პირველი დებატების დროს ხდებოდა.
დებატების ძირითად თემებს წარმოადგენს კორონავირუსი, ეროვნული უსაფრთხოება, იმიგრაცია, რასიზმთან ბრძოლა და ქვეყნის არჩევნებში გარე ჩარევა.
როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ყველა, ვინც აშშ-ის არჩევნებში ერევა, პასუხს აგებს.
“ადრეც გარკვევით მითქვამს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, არ აქვს მნიშვნელობა – რომელი, რომელიც ამერიკის არჩევნებში ჩაერევა, პასუხს აგებს. ისინი პასუხს აგებენ”, – თქვა ბაიდენმა.
მისი შეფასებით, ამჟამინდელ არჩევნებში “ჩართულია რუსეთი, რაღაც დოზით ჩინეთი, და ახლა შევიტყვეთ, რომ ირანიც”. ბაიდენის თქმით, თუ პრეზიდენტად იქნა არჩეული “ყველა მათგანი პასუხს აგებს ამერიკის სუვერენიტეტში ჩარევის გამო, და სწორედ ეს ხდება”.
გარდა ამისა, ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ ის რუსეთის მთავრობას პრეტენზიებს არ უყენებს.
“არ ვიცი, რატომ არ სურს ამ პრეზიდენტს, პუტინს პრეტენზიები წაუყენოს, როდესაც ის ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ჯილდოს გვთავაზობს, როდესაც ის ნატო-ს დესტაბილიზაციის საქმეშია ჩართული, არ ვიცი, რატომ აკეთებს ის ამას, მაგრამ უნდა დავინტერესდეთ”, – დასძინა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.