“ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას!”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ზუგდიდში გუშინ მომხდარ მოვლენებს.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება.
“უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და, მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით!
ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას!
არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ძალიან ბევრი პოლიციელის, რომლებიც ასეთივე ჟინით ემსახურებიან ქვეყანას, პროფესიონალიზმსა და ვაჟკაცობაში არასდროს არცერთი წამით შემპარვია ეჭვი! მადლობა! პოლიციელი გმირია!
მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!”, – წერს მდინარაძე.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.
ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.