როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

ინტერნეტმომხმარებლების მიერ განხორციელებული ონლაინშესყიდვები (შოპინგი) და ონლაინბანკინგი კიბერდამნაშავეების მხრიდან ხშირად გამოიყენება ისეთი დანაშაულის ჩასადენად, როგორიცაა კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა და მოპოვებული პერსონალური ინფორმაციის მომხმარებლის ნების გარეშე გამოყენება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. კიბერდამნაშავეები ხშირად მოიპოვებენ წვდომას ინტერნეტმომხმარებლების ქონებასა და ფინანსებზე, შესაძლებელია – მოიპარონ საბანკო მონაცემები, დააზიანონ მსხვერპლის კომპიუტერში არსებული ინფორმაცია ან პროგრამა.

კიბერთაღლითებს კარგად აქვთ შესწავლილი „ადამიანური სისუსტეები“ და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისას ხშირად მომხმარებლების ფსიქოლოგიური მანიპულირების გზით აღწევენ დანაშაულებრივ მიზნებს. კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკა, ძირითადად, განპირობებულია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონით.

წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, დაიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან. დაიმახსოვრეთ, საფრთხეების გაცნობიერება და ცოდნის ამაღლება დაცვის საუკეთესო საშუალებაა!

·რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი საბანკო ანგარიშები. საეჭვო ტრანზაქციის ან რაიმე საეჭვო ქმედების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს;

·ონლაინგადახდები შეასრულეთ მხოლოდ ლეგიტიმური ვებგვერდებიდან;

·ნუ განახორციელებთ საბანკო ტრანზაქციებს საჯარო უკაბელო ინტერნეტის (Public Wi-Fi) გამოყენებით;

·დაფიქრდით, სანამ სხვადასხვა პირსა თუ ორგანიზაციას თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გაანდობთ;

·გახსოვდეთ, „ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის“. არ ენდოთ შემოთავაზებებს, რომლებიც ზედმეტად მაცდურად და მომხიბვლელად ჟღერს;

·შეზღუდეთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში. ეს ინფორმაცია შესაძლოა, კიბერკრიმინალებმა თავიანთი თაღლითური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ;

·თუ თვლით, რომ კიბერთაღლითობის მსხვერპლი გახდით, შეატყობინეთ მომხდარის შესახებ შესაბამის ორგანოებს, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება.


მომზადებულია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ, Europol-ის მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები