“აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, “რკოს” პროდუქცია ევროპასა და აზიაში იყიდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი „რკო”-ს პროდუქციის ექსპორტი ევროპასა და აზიაში ხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კომპანიამ პარიზის საერთაშორისოდ აღიარებულ გამოფენაზე უკვე მეორედ შეძლო დასწრება. აღნიშნულ ღონისძიებებზე „რკო” ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და ქართული კომპანიის მიმართ ინტერესს აჩენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.

სწორედ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „რკო”-მ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და უკვე დაიწყო პროდუქტების ექსპორტზე გატანა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ინგლისი, დანია და გერმანია.

„უკვე მეორე წელია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით პარიზში, დიდ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რამაც ჩვენთვის შესაძლებელი გახადა წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზრებზე”, – აცხადებს თაკო მეგრელიშვილი, „რკო”-ს თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზეც იწყებს შესვლას და აქტიურად თანამშრომლობს საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ პრესტიჟულ, ბრიტანულ კომპანიასთან.

„რკო” დაარსდა 2016 წელს, თაკო მეგრელიშვილის და თამუნა და ნინო მესარიკიშვილების მიერ. ამჟამად, კომპანია დაახლოებით 70 ქალს ასაქმებს, რომლებსაც საშუალება აქვთ, იმუშაონ სახლის პირობებში და ამ გზით მოახდინონ თვითრეალიზაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები