ნათია მეზვრიშვილი: პროგნოზის გაკეთება, რომელ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა, გაგვიჭირდება, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება
როდესაც ტრანსპორტზე, ან პირბადეებზე ვსაუბრობთ, ამგვარი შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭიროებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება, ლოკალურ დონეზე რომელ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ან რომელ წერტილოვან შეზღუდვებს მოხსნის, მას შემდეგ, როდესაც ამის საჭიროება აღარ იქნება. როდესაც ტრანსპორტზე, ან პირბადეებზე ვსაუბრობთ, ამგვარი შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭიროებიდან გამომდინარე. ამიტომ, მაგალითად დღეს, დღის წესრიგში ტრანსპორტის შეზღუდვა, ასე აბსტრაქტულად არ დგას, დღეს ეს კითხვა დაისვა და ამაზე პასუხი გაეცა. თუ ამის საჭიროება იქნება, პირობითად რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, როგორც ჩვენ ეს გვქონდა აჭარის რეგიონში, იმიტომ, რომ იქ იყო გარკვეულ ეტაპზე გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუმცა საჭიროება თუ არ იქნება, ამას არ გავაკეთებთ”, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.