„კარავაჯოს რომ ენახეთ, სიგიჟემდე შეგიყვარებდათ“ – ნახშირით გაცოცხლებული შთაგონება

„მარიამ, კარავაჯოს რომ ენახეთ, სიგიჟემდე შეგიყვარებდათ. საოცარი ნამუშევრები გაქვს – ასე ეხმიანებიან სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მხატვარს, მარიამ დარჩიაშვილს, რომელმაც ნახშირით შესრულებული რეალისტური ნამუშევრებით უკვე მიიპყრო პროფესიონალების ყურადღებაც.
ბიზნეს ადმინისტრირების პროფესია უკან ჩამოიტოვა და საკუთარი თავი ცოტა მოგვიანებით ხატვაში აღმოაჩინა. მთლიან დროს სწორედ ხატვას უთმობს… საოცრად მეტყველია მის მიერ დახატული პორტრეტის  ყოველი ნაკვთი, დეტალი, შტრიხი…
აკუთარი ნამუშევრების შექმნის პარალელურად, სამხატვრო სტუდიაში მუაობ. მის ყოველ დღეს, შთაგონების და ნიჭის ზეიმს დავარქმევდი.

– ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, ჩემ ირგვლივ მაინტერესებდა ყველა სფერო, ყველა საგანი. მშობლები თავიდან მედიცინის შესწავლას მირჩევდნენ, ვეცნობოდი შესაბამის ლიტერატურას, შემდეგ უკვე ტექნიკური საგნებისადმი გამიჩნდა ინტერესი, დავდიოდით სხვადასხვა კონკურსზე, რამაც მალევე ჩემი სპეციალობისკენ მიბიძგა.
– ბავშვობიდან ხატავდით ალბათ…
– დიახ, ყოველთვის ვხატავდი, მაგრამ ხატვა სერიოზულ გატაცებად არ მიმაჩნდა.
– პირველი ნახატი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის შთაგონებით შეიქმნა სკოლის პერიოდში…
– ვერ ვიტყოდი, რომ უშუალოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შთაგონებით მოხდა, მაგრამ მისი შემოქმედების შესწავლის დროს, მოულოდნელად გამიჩნდა იდეა, ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნიდან მისი პორტრეტი გადმომეხატა, რამაც ხატვის დიდი მოტივაცია მომცა.
და მაინც ბიზნეს ადმინისტრირებაზე გააგრძელეთ სწავლაროდის დაიწყეთ ნახშირით ხატვა და რატომ ნახშირი?
– სწავლის პარალელურად, პერიოდულად ყოველთვის მიჩნდებოდა პატარ-პატარა შთაგონებები, პორტრეტების შექმნის იდეა. პირველი მასალა იყო გრაფიტი, ე.წ უბრალო ფანქარი, შემდეგ კი „აღმოვაჩინე“ ნახშირი, რაც დღეს ჩემთვის ყველაზე ეფექტური, გამომსახველობითი, კომფორტული მასალაა. ჩემთვის ნახშირის საიდუმლოება მისი მოქნილობაა, კონტრასტულობა და სიმუქეა, რაც განსაკუთრებით პორტრეტების ხატვაში მეხმარება.
– თქვენი პორტრეტების დათვალიერებისას ისეთი განცდა ჩნდება, რომ სხეულის თითოეული ნაწილი თითქოს გელაპარაკებაროგორ ახერხებთ ამ ემოციის შექმნას?
– ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო თითოეულ ნამუშევარზე, ყველა დეტალი, ყველა ნაკვთი რეალობასთან მიახლოებულად დავხატო, ან თუნდაც უბრალო, თავისუფალი შტრიხებით გადმოვცე პერსონაჟის და საკუთარი ემოციებიც.
პანდემიის პერიოდში ნაყოფიერად მუშაობდით? როგორ აისახა კარანტინი თქვენს შემოქმედებაზე?
– პანდემიის პერიოდი ყველაზე ნაყოფიერად სწორედ ხელოვანებმა გამოიყენეს. საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რომ საკუთარ ნახატებზე მემუშავა, გამეცნო ფართო საზოგადოებისთვის, დამესახა სამომავლო გეგმები..
– რა გაძლევთ ხატვისას შთაგონებას?
– ჩემთვის შთაგონება, უპირველესად, მძაფრი სურვილია იმისა, რომ მუდმივად რაღაცას ვქმნიდე და შემოქმედებით პროცესში ვიყო ჩართული, შემეძლოს საკუთარი ემოციების ამ გზით გადმოცემა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი კონკრეტულ მატერიალურ სახეს იღებს.
– როგორ დახატეთ ოდრი ჰეპბერნის პორტრეტი?
– ოდრი ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი იყო და არა მარტო, ის არის სილამაზის და დახვეწილობის ეტალონი. თავიდანვე მქონდა მისი დახატვის სურვილი და ახლაც, რამდენიმე წლის შემდეგ, საინტერესო იყო ამ პორტრეტების ფონზე დაგროვებული გამოცდილებისა და პროგრესის დანახვა.
ისე ფიროსმანიც ნახშირით კედელზე ხატავდა
– დიახ, არ მიკვირს, ხატვის სურვილი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ თუნდაც კედელზე და უბრალო ნახშირით ეცადო ამ ემოციების გამოთავისუფლებას.
თქვენი ობიექტები რეალური პიროვნებები თუ მაინც გამოგონილი სახეებია?
– პორტრეტების უმეტესობა რეალურ პიროვნებებს ეკუთვნის. მუდმივად  ვეძებ ჩემთვის სახასიათო, დახვეწილ მოდელებს. ნამუშევრების შესაქმნელად თანამედროვე ნიჭიერი ფოტოგრაფების ნამუშევრებსაც ვიყენებ, თუმცა ძალიან მიყვარს რენესანსის ეპოქის მხატვრებიც. ამ მხრივ, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კარავაჯოს ცნობილი ნახატის თანამედროვე ფოტოგრაფიული ვერსიის ნახშირით აღბეჭდვა.
რაზე მუშაობთ?
–  ამჟამად ძირითადად პორტრეტებზე ვხატავ, თუმცა ვაპირებ ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ფოტოგრაფის ნამუშევრების შთაგონებით ახალი სერიის ნახატებზე მუშაობას
– ჰობი…
– ხატვის შემდეგ – მუსიკა. ეს პროცესი უმუსიკოდ ვერ წარმომიდგენია, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის, ოპერის, ჯაზის გარეშე…
– სამომავლოდ გამოფენის გამართვას აპირებთ. ცნობილი მხატვრებიდან ვინ გამოგეხმაურათ და შეაფასა თქვენი შემოქმედება?
–  სამომავლოდ, აუცილებლად დავგეგმავ გამოფენას, მანამდე კი სოციალური ქსელი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მუდმივად გავაცნო ჩემი ნამუშევრები დაინტერესებულ ადამიანებს, პროფესიონალ ხელოვანებს, მხატვრებს, სკულპტორებს… და გამოხმაურებაც საკმაოდ სასიამოვნო და მოტივაციის მომცემია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

თამარ შაიშმელაშვილი


 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები