“სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, წესების აღსრულებაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ კერძო სექტორსა და მოქალაქეებს”

“სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებაზე განახორციელოს სათანადო კონტროლი, თუმცა, ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეს”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, ამიტომ, ხელისუფლებას არჩეული აქვს თანმიმდევრული სტრატეგია.

„ჩვენ დღეს ვართ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, განსხვავებით ვირუსის შეკავების ეტაპისა, რაზეც ვიმყოფებოდით წლის დასაწყისში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ვირუსთან თანაცხოვრების პროცესში ვიმყოფებით, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან გარკვეული წესების დაცვით. აქ საუბარია იმ ელემენტარულ წესებზე, რომლის დაცვისკენაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ და რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვირუსს მართავს, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებაზე განახორციელოს სათანადო კონტროლი, თუმცა ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეს. სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ამას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, ამიტომ, ჩვენ გვაქვს არჩეული თანმიმდევრული სტრატეგია.

გვესმის, რომ გარკვეული მცდელობები პანიკის დათესვის არსებობს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს არა ერთ და ორ თვეს, არამედ – ერთ წელს, ამიტომ, აქ მკაცრ შეზღუდვებსა და სრული ,,ლოკდაუნის,, გამოცხადებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაცხადებთ წერტილოვან ლოკალურ შეზღუდვებს და, ერთი მხრივ, წერტილოვანი შეზღუდვებით და, მეორე მხრივ, წესების სრული დაცვით ვმართავთ ამ პროცესს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები