ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯზე: ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას
„ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით ,,წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, თუ ადამიანი მართალი ხარ, რატომ და რისგან იცავ თავს ასე გამალებით. თუ მართალი ხარ და არაფერი პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი დანაშაული არ მიგიძღვის, რას იცავ და რას ეწინააღმდეგები?”
მისივე თქმით, თუკი მართლაც დადასტურდა, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმოქმედა კონკრეტულმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა, ამის წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს.
„რატომ არიან თავდაცვის რეჟიმში? ახლა ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იყენებს. რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას? ხალხმა კარგად იცის რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა” და რომ ეს პოლიტიკური ძალა ყველაფერს ანტისახელწიფოებრივს და ანტისაზოგდოებრივს აკეთებდა. თუ დღეს გახდა ეს ვინმესთვის ცნობილი? პროკურატურას კანონი ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. ეს ადამიანები ვინმეს კი არ ეფარებიან და ვინმეს დაცვის ინტერესი კი არ აქვთ, საკუთარი პოლიტიკურ ინტერესს იცავენ ამ წუთას და ამითი კიდევ უფრო ამძაფრებენ ეჭვებს, რომ სავარაუდოდ, მათ მიერ ჩადენილის გადაფარვას ცდილობენ, რაღაც ალიბს იქმნიან”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.