მამა კირიონი დავით გარეჯზე: ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, ივერი, ნუ შვრებით, ჩვენია ეს ტერიტორია – ის ამბობდა, თქვენ უმეცარი ხართ, ამაში ვერ ერკვევით(ვიდეო)

ყველაფერი წავა, დავიწყებას მიეცემა პოლიტიკური პარტიებიც, არჩევნებიც და ქვეყანას მიეცემა დავით გარეჯი, – ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის” ეთერში დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ივერი მელაშვილს სთხოვდა, რომ არ დაეთმოთ დავით გარეჯის საზღვრები.

“ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, მივდიოდი, ივერი, გენაცვალე, ნუ შვრებით, ივერი, ჩვენია. გაეროს კონვენციით მნიშვნელობა აქვს დე ფაქტო მდგომარეობას, ფაქტობრივად, ჩვენია, ნუ დავმთმობთ. აზერბაიჯანთან გვაქვს 5 ადგილი, რომელიც რუკით ჩვენია, მაგრამ დღემდე დგანან ისინი. ის ამბობდა, თქვენ დილეტანტი ხართ, ამაში ვერ გაერკვევით, უმეცარი ხართ. ეს იყო ნერვების ომი,”- განაცხადა მამა კირონმა.

მისივე თქმით, მელაშვილის და ილიჩოვას მსხვერპლად წარმოჩენით ცდილობენ გადაფარონ მთავარი, ქვეყნის უბედურება.

“მამა კირიონს სულ არ ადარდებს პოლიტიკა და არც პოლიტიკური პარტიები, ჩემი ინტერესია ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო და ამ ინტერესით ვამბობ ერთს, მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა ხელისუფლებამ თუნდაც დღეს შეძლო დამდგარიყო იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელზეც დგას და ამ საკითხს უკვე დადებითი მიმართულებით აწარმოებს. ყველაფერი წავა, დავიწყებას მიეცემა პოლიტიკური პარტიებიც, არჩევნებიც და ქვეყანას მიეცემა დავით გარეჯი. ისტორია დატოვებს მარტო ამას, რომ საქართველომ დაიბრუნა ტერიტორიები,”- განაცხადა დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები