სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი: ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ქვეყანამ უნიკალური რუკები დაიბრუნა
„დავით გარეჯთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებული არაჯანსაღი პოლემიკა უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს. სახეზე გვაქვს ქვეყნის აშკარა ღალატი, არაპროფესიონალიზმი და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც 2005-2012 წლებში განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველომ ტერიტორიების ნაწილი დაკარგა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პოზიცია კი არასერიოზული, ალოგიკური და გასაკვირია”, – ამ სიტყვებით ეხმაურებიან დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება. მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები გამჭვირვალედ მიმდინარეობს და, მათი აზრით, საგამოძიებო უწყებები სიმართლის დადგენას შეძლებენ:
„თემის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება, ერთი საღი აზრის არსებობა. საგამოძიებო ქმედებები გამჭირვალედ მიმდინარეობს, რაც იძლევა მოლოდინს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებები პირუთვნელ სიმართლეს დაადგენენ. გვსურს, მოვუწოდოთ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით – ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, დაუდასტურებელი და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც აზიანებს და ხელს უშლის გამოძიებას.
ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გადაიხედოს და ახლებურად ფორმირდეს ქვეყნის სადავო საზღვრები, სადავო ფართობის საერთო ფართობი, 3 500 ჰექტარს შეადგენს. საბედნიეროდ, თავდაცვის სამინისტროს, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის აქტიური ჩართულობით, ქვეყანამ შეძლო და დაიბრუნა უნიკალური რუკები – რუკები, რომლებსაც აღნიშნულ საქმეში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს თითოეული იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელთა ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო საქართველო ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმის თითოეული ფიგურანტი, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”, – აცხადებენ სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრში.