ვახტანგ გომელაურმა და საფრანგეთის ელჩმა ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები განიხილეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან შეხვედრა გამართა. ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინა საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ახალი ატაშე, ერვე ჟამე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგა საქართველოში საქმიანობას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის მიგრაციის მეკავშირე ოფიცერი, ამინ ტარტაგი.
ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. გარდა ამისა, განსაკუთრებულად აღინიშნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მივლენილი ქართველი პოლიციელების საქმიანობა.
ვახტანგ გომელაურმა და საფრანგეთის ელჩმა დამატებით განიხილეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.