სალომე სამადაშვილი: მომავალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
მისი თქმით, აღნიშნული საქმე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას შესწავლილი.
„დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მრავალწლიანი მოლაპარაკებების თემა არის ძალიან რთული თემა, ამ თემაში თუ არსებობს რაიმე სიახლე, ახალი გარემოება, რომელიც სხვანაირად წარმოაჩენს დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ამ ყველაფრის შესასწავლად, ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ დეტალურად, ფუნდამენტურად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შევისწავლოთ ყველა ეს საკითხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.