“200-ათასიანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის მონასტრის სადავო ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის კუთხით”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით სადემარკაციო კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც 200-ათასიანი მასშტაბისაა და აღნიშნული რუკის საფუძველზე საქართველო საკუთარ პოზიციებს გაიმყარებდა.

„ერთ-ერთი სირთულე, რაც წლების განმავლობაში კომისიას ჰქონდა, იყო ის, რომ ბევრი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც შეიძლებოდა, ჩვენი არგუმენტაცია დაფუძნებოდა. ერთ-ერთი მიმართულება იყო სწორედ ამ მასალების მოძიებაზე მუშაობა და სხვადასხვა დოკუმენტაციის შეგროვება, იქნებოდა ეს რუკები თუ სხვადასხვა პროტოკოლი, ოქმები და ა.შ. რამდენიმე თვის უკან გარკვეული მასალა დაგროვდა, მათ შორის იყო 200-ათასიანი რუკებიც, რომლებზეც ეს დღეებია, მიდის მსჯელობა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მასალის ანალიზი, თუ რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ისინი საქართველოს პოზიციის გასამყარებლად მომავალში მოლაპარაკებათა პროცესში.
იყო მუშაობა სხვადასხვა საერთაშორისო ფირმასთან, მსოფლიოში ცნობილი ფირმა – „შერმანისთ სტერლინგი“ გვეხმარებოდა ამ მიმართულებით და მასალების გარკვეული შეფასება მათაც ვთხოვეთ. დახლოებით, 22 სექტემბერს მივიღეთ შუალედური დასკვნა, რამდენად გამოსადეგი იყო ეს დოკუმენტაცია საქართველოს პოზიციებისთვის და ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება. 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იყო ჩამოსული. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მასალები გადაგვეცა აზერბაიჯანული მხარისთვის. საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მოლაპარაკების პროცესმა და შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას გადაეცემოდა ეს მასალები, დაიწყებდნენ შესწავლას და შემდგომ სხდომებზე, როცა ეს შეხვედრები ჩატარდებოდა, მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და გამოყენება კომისიის მუშაობისთვის.
​ამ შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ ერთი 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის მონასტრის სადავო ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის კუთხით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები