ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დავით გარეჯის საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, ვინც შესაძლოა, დამატებით ინფორმაციას ფლობდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე მმართველი გუნდის ინტერესია აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განიხილონ საკითხი და მიაღწიონ შეთანმებას საზღვართან დაკავშირებით.

„გრძელდება გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ბუნებრივია, უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეიძლება, ჰქონდეს. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. ვნახოთ, დამატებით რა ინფორმაციას მიიღებს გამოძიება ამ კონკრეტული მოწმისგან.
​ჩვენი ერთადერთი ინტერესია, ამ საქმეს მოეფინოს ნათელი და სათანადოდ იქნას გამოძიებული. მეორე – ჩვენი ინტერესი არის, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საზღვრის საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვართან დაკავშირებით, მათ შორის, დავით გარეჯის ნაწილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​ცნობისათვის, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ 2 პირი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები