„მიყვარს სიახლე და რისკი“ – როგორ შეიქმნა „პირბადიანი ექიმი საქართველოდან“

არ ახსოვს, პირველი ხელნაკეთი ნივთი როდის დაამზადა, თუმცა ბავშვობიდან აწყობდა ყელსაბამებს და სამაჯურებს. შემდეგ სკოლის კედლის გაზეთს რედაქტორობდა. ამბობს, რომ იმდენად უყვარს ხელოვნება, ეს საქმიანობა მისი თანამგზავრია ბავშვობიდან.
სხვადასხვა თვლისგან ამზადებს სამაჯურებს, მძივებს.  მუშაობის დროს ძირითადად ნატურალურ ქვებს იყენებს: მთვარის ქვას, ლავას, ამეთვისტოს, აქატს, მალაქიტს, კვარცს, მარჯანს და სხვა.  რა აღარ გამოდის მისი ხელიდან, ეზოს კეთილმოსაწყობადაც კი ულევი  ფანტაზია აქვს.
მოწონება დაიმსახურა პანდემიის თემაზე შექმნილმა მისმა ნამუშევარმა – „პირბადიანი ექიმი საქართველოდან“.
ერთნაირ ნივთებს არასოდეს აკეთებს, უყვარს სიახლე და რისკი. – ხელოვან ეკა გიგაურის პერსონა.

 

– საინტერესო ბავშვობა მქონდა, ბებიაჩემი მუდამ ქსოვდა და, ამასთან ერთად, ყველანაირი ხელსაქმე ეხერხებოდა, მან მასწავლა ქსოვა.  ხატვა ძალიან მიყვარდა, ჩემთვის ვხატავდი ხოლმე – არავის უსწავლებია. რაც შეეხება მშობლებს, დედას არ ეხერხებოდა ხელსაქმე,  მამა კი იურისტი გახლდათ, კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი იყო.
– პირველი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები…
– ბავშვობაში რატომღაც პირველად თევზებს ვხატავდი, კარგი რომ გამოდიოდა, მიხაროდა და ბავშვებს ვჩუქნიდი, ყველა ერთნაირი რომ არ გამოსულიყო, სხვადასხვანაირებს ვხატავდი, ამას კი მოჰყვა სხვა ნახატებიც და ნელ-ნელა ხატვა ჩემს საყვარელ საქმიანობად იქცა. რაც შეეხება ხელნაკეთ ნივთებს, არ მახსოვს, პირველად როდის გავაკეთე, თუმცა ბავშვობიდან ვაწყობდი ყელსაბამებს და სამაჯურებს.
– სკოლაშიც ალბათ გამოირჩეოდით ნიჭით მხატვრობაში…
– სკოლაში ჩემს მეგობრებს სხვადასხვა ნახატს ვუხატავდი და ვჩუქნიდი, ასევე სკოლაში თუ რამის დახატვა სჭირდებოდათ, მე ვხატავდი. ვიყავი სკოლის კედლის გაზეთის რედაქტორი, ვწერდი და ვაფორმებდი გაზეთს.
– ხელსაქმე გადაიქცა თქვენი ცხოვრების თანამგზავრად…
– ხატვიდან გადავედი ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე, ერთნაირ ნივთებს არასდროს ვაკეთებ, ყოველთვის მიყვარს სიახლე და რისკიც. იმდენად მიყვარს ხელოვნება, რომ არ მახსოვს დღე, რაღაცას არ ვაკეთებდე, შესაბამისად, ეს საქმიანობა ჩემი თანამგზავრი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იყო.
– უამრავ სამკაულს შორის გამოირჩევა სხვადასხვა თვლისგან დამზადებული სამაჯურები, მძივები, გულსაბნევები… რომელ თვლებს იყენებთ მუშაობის დროს?
– მუშაობის დროს ძირითადად ნატურალურ ქვებს ვიყენებ: მთვარის ქვა, ლავა, ამეთვისტო, აქატი, მალაქიტი, კვარცი, მარჯანი და სხვა. ასევე  მეტალისგანაც ვამზადებ.
– თქვენს ნამუშევრებში მრავალია ნაქსოვი  ჩანთები, ქუდები, სათამაშოები…
– ნამუშევრის გამორჩევა მიჭირს, ყველა ერთნაირად მიყვარს ასევე დამზდებითაც-თუ ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომწონს. თითოეულის დათმობა ძალიან მიჭირს.
– ეზოს კეთილმოსაწყობად ამზადებთ  დეკორატიულ ნივთებს, სოკოებს, ბოთლებს, საყვავილეებს… ყველაზე  კარგად  რომელი ნივთი იყიდება?
– ყველაზე ტრენდული მაინც სამაჯურებია, ყველაზე მეტად ისინი იყიდება.
– თქვენს ნამუშევრებში კარანტინის  და პანდემიის თემაც აისახა…

„პირბადიანი ექიმი საქართველოდან“

– ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ნამუშევარზე – „პირბადიანი ექიმი საქართველოდან“, რომელიც კარანტინის დროს მოვქსოვე. ჩემი მეგობრები იცინოდნენ,  თან მოსწონდათ – დროს შეეფერებაო.
კალათა გაზეთებისგან… როგორ გააკეთეთ?
– როგორც ვთქვი, სიახლეები მიყვარს. თავიდან კალათა რომ მოვიფიქრე, ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო –  ცოტა პატარა და კალათის ფორმა არ უნდა ჰქონოდა. კეთებისას შევცვალე და, საერთო ჯამში, კალათა გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ნამუშევრებით კმაყოფილი არასდროს ვარ, ყოველთვის მგონია, მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
– ჰობი…
– ხატვა, ხანდახან ვნანობ კიდეც, ხატვას რომ არ დავუთმე დიდი დრო.
– ოჯახი…
 – მყავს მეუღლე, პროფესიით ვეტერინარი და ორი შვილი, რომლებიც ახლა  სტუდენტები არიან.
– ალბათ სამომავლოდ გამოფენასაც გამართავთ…
ხშირად მეკითხებიან გამოფენის მოწყობაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ მოწყობას. სამომავლოდ საკუთარი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის გახსნას ვგეგმავ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები