მდინარაძე გარეჯზე “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების შეთანხმებას და სახელმწიფო ღალატის მუხლის გაუქმებას ერთმანეთს უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან, დაახლოებით, ერთ თვეში საქართველოს პარლამენტმა გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი.

მდინარაძის განმარტებით, „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი არავის ახსოვს, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, რასაც ექსპერტი ურჩევდა მაშინდელ პირველ პირს, ისე მოიქცეოდა.

„კომისიის შეთანხმებების ეს ეტაპი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში მიდის საუბარი, მიდიოდა 2006-2007 წლებში. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რამე შეთანხმება არ არის სახელმწიფოთა შორის, როგორც ამაზე ძალიან ცუდად და სახიფათოდ სპეკულირებენ ხოლმე. შეთანხმებები არის მხოლოდ კომისიის დონეზე და ეს შეთანხმებები როდესაც დგებოდა, ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს, როდესაც 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის მარტში თუ აპრილში გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2006 წელს სისხლის სამართლის რეფორმა დასრულებული იყო და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფო ღალატი ერქვა, შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს, გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ეს ტვირთი მოეშორებინათ.

ჩემი სუბიექტური აზრი და ეჭვია, რომ ქვევიდან ზევით, მაშინ, გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი არავის ახსოვს, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, რასაც ექსპერტი ურჩევდა მაშინდელ პირველ პირს, ისე მოიქცეოდა. მე უფრო მგონია, რომ ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილებები, თუმცა ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ეჭვი გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი არის გამოძიების გადასაწყვეტი”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები