ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს

საინფორმაციო საზოგადოება, აუდიოვიზუალური მომსახურება და მედიის მნიშვნელობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატურ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. სხდომას, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდეო-ონფერენციის ფორმატში გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც “კვირას” კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს სფეროებში ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს პროგრესის შეფასებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე მოხდა პოზიციებისა და მოსაზრებების გაცვლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და ქვეყნის, როგორც ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბების უნიკალური შესაძლებლობა.

ამას გარდა, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად მიაწოდეს ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებს იღებს კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარება და 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესი, ასევე, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან აპროქსიმაციის თვალსაზრისით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები