ბექა ფერაძე: შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღზე გასცა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღზე გასცა.
მისივე თქმით, დასრულდა საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმება და მსგავსი დაწესებულებების მზადყოფნა მაქსიმალურია.
„შრომის ინსპექცია ამოწმებდა ბაღებს. დღეის მდგომარეობით, 1 500-მდე ბაღია შემოწმებული და მათ მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული, რაც ნიშნავს, რომ დღეს შეფერხების გარეშე ყველა ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ განაახლა პროცესი. იყო ერთეული შემთხვევები, სადაც ინფიცირებულთა კონტაქტის ან სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო არ მოხდა დღეს სწავლის განახლება, თუმცა, დაგეგმილია, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი სრულად აღდგება. ყველა სხვა შემთხვევაში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია. ამით ჩვენ, ფაქტობრივად, დავასრულეთ როგორც სკოლამდელი, ასევე – პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტების შემოწმება და, ფაქტობრივად, მზაობა ასეთ დაწესებულებების მხრიდან მაქსიმალურია. სხვა მიმართულებებით ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და, ჯამურად, დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 130 000-მდე კომპანია”, – განაცხადა ფერაძემ.