მეუფე შიო: ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს რომ მოგვცეს ლოცვა-კურთხევა ყველა საქმეზე, ლოცვის გარეშე არ აქვს ადამიანის ცხოვრებას წარმატება

“დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას და ღვთის შეწევნას”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უფლის კურთხევის და ლოცვის გარეშე ადამიანის ცხოვრებას წარმატება არ აქვს.

„დღეს მსოფლიოში თითქმის დავიწყებულია სწავლება უფლისა. დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას და ღვთის შეწევნას. უფალი იესო ქრისტეს სიტყვები გახსოვთ? – „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“. დავით წინასწარმეტყველიც ბრძანებს იგივეს. დღევანდელ სახარებაშიც ჩანს ეს. უფალი იესო ქრისტე მიდის გენისარეთის ტბასთან რომ უქადაგოს ხალხს, სადაც მრავალი ადამიანია. ტბაზე თევზაობენ ადამიანები, მისი მომავალი მოციქულები – პეტრე, იოანე, იაკობი და სხვები. უფალი სთხოვს მათ ნავს იმისთვის, რომ ამ ნავიდან იქადაგოს. დაუთმობს პეტრე თავის ნავს და როდესაც დაასრულებს ქადაგებას, ეტყვის პეტრეს – მოისროლე ბადე, რომ დაიჭირო თევზიო. პეტრე პასუხობს: მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ ჩვენ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენ დაგიჯერებთო. მართლაც ისვრის ბადეს და იმდენ თევზს იჭერენ ორივე ნავი ივსება და ბადეებიც იხევა ამ რაოდენობისგან. აქ ჩანს, რომ მთელი ღამე იშრომეს თავისი ძალებით და ვერაფერი დაიჭირეს, უფლის ლოცვა-კურთხევით ასეთი სასწაული მოხდა. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს რომ მოგვცეს ლოცვა-კურთხევა ყველა საქმეზე. უფლის კურთხევის და ლოცვის გარეშე არა აქვს ადამიანის ცხოვრებას წარმატება. შეიძლება, იყოს გარკვეული სიკეთე მის ცხოვრებაში საქმიანობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის ხარისხიანი და მადლიანი“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები