ზაზა გაბუნია: 2021 წლის ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო ჩამოყალიბდეს სრულფასოვნად განვითარებულ ქვეყნად

„შემიძლია გამოვთქვა კმაყოფილება იმის გამო რომ 615 მილიონი ლარით გვაქვს ზრდა რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართულებით და მით უმეტეს დიდი ნაწილი ამ რესურსისა იმ დიდ, გლობალურ და მნიშნელოვან პროექტებს მოხმარდება, რომელიც დაწყებულია და რომლის ბოლომდე მიყვანა არის მნიშვნელოვანი”,-ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომრემ ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი”განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

მისი თქმით, ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო იყოს სრულფასოვნად განვითარებული ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინვესტიციების მოსაზიდად.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს მაკროეკონონიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებაში არის კლებადი ტენდენცია და წლის ბოლოსთვის იქნება 4%-ზე ნაკლები.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტი, ბოლო წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2-2,5%-ის ფარგლებში გაიზარდა.

მომხსენებლის განმარტებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილია 12,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც დღეს არსებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველადი გეგმა, რაც 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, იმასთან შედარებით დაახლოებით 100 მლნ. ლარით ნაკლებია.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ტენდენციებთან დაკავშირებით განმარტა, 2021 წლიდან ბიუჯეტში ასახულია ის კანონმდებლობა, რაც პენსიების ინდექსაციას უკავშირდებოდა.

„იზრდება იმ პროექტების დაფინანსება, რაც 2018-2020 წლებში იყო დაწყებული. ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარჯვის ნაწილი ძირითადად, უწევს 2021-2022 წლებში. ჩვენი სურვილი და მიზანია კაპიტალურ ხარჯებთან მიმართებაში 8%-იანი ნიშნული შევინარჩუნოთ”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შეადგენს 17მლრდ 71 მლნ. ლარს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით.

მომხსენებლის ინფორმაციით, ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

· საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1 648.5 მლნ ლარი, მათშორის თანხები ძირითადად მიიმართება საავტომობილო გზების მშენებლობარეკონსტრუქციაზე:

·რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 252.9 მლნ ლარი

· წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 281.5 მლნ ლარი,

· მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა – 30.0 მლნ ლარი;

· ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 165.0 მლნ ლარი;

· იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა – 38.0 მლნ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კომიტეტმა დღესვე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს „აგროტურიზმის შესახებ” და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოგენილ დოკუმენტს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – A)” და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო–აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B” მხარი დაუჭირეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები