“მოქალაქეს“ დაკვეთით მედიასაშუალებების ობიექტურობისა და ხარისხის გამოსავლენად კვლევები ჩატარდება
არსამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს“ დაკვეთით, პერმანენტულად მედიასაშუალებების ობიექტურობისა და ხარისხის გამოსავლენად, კვლევები ჩატარდება, – ამის შესახებ “მოაქალაქეს“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაციის პრეზიენტაციაზე განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს კვლევები მედიის ობიექტურობისა და ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. ივანიშვილის თქმით, კვლევებს ის ორგანიზაციები ჩაატარებენ, რომელთაც გამოცდილება და მაღალი ავტორიტეტი აქვთ.
“ხანდახან ხდება ისეც, რომ ყველაზე კარგი პროფესიონალი და ანალიტიკოსი ჟურნალისტი ყველაზე ურცხვად ტყუის, ამიტომ გარდა კვალიფიკაციის ამაღლებისა, ორგანიზაცია “მოქალაქეს“ ამოცანად აქვს, ჩატარდეს პერმანენტული კვლევები მედიის სრულყოფილების, ხარისხის დასაბუთებაში. ეს კვლევები დაეკვეთება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არსებობს, ჩვენ გვსურს, რომ საზღვარგარეთიდანაც მოვიწვიოთ სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ამ კვლევებში ცნობილნი, ავტორიტეტულნი და წარმატებულნი არიან. ჩვენ ამით მედიის ხარისხის ამაღლებას შევუწყობთ ხელს. როდესაც მედიის წარმომადგენლები იგრძნობენ, რომ მათი ობიექტურობა და ხარისხი მოწმდება, ეს ფაქტორი მათი პასუხისმგებლობის გაზრდას გამოიწვევს და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ პროფესიას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.