სექტემბერში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 5 ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამურად, 58 770 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
მათი საერთო საბაზრო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.