აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: კორონავირუსით გარდაცვლილ სამივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„68 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა: „კოვიდ -19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა.
მეორე პაციენტი 64 წლის ქალი გახლდათ, მისი დიაგნოზი იყო: „კოვიდ -19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. იყო ჭარბწონიანი.
რაც შეეხება 84 წლის მამაკაცს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ -19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, სამი მათგანი აჭარაში, ერთი კი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისათვის 58-ს შეადგენს.