ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები დიასპორის კუთხით, ის მიმდინარე პროექტები, რომელთაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე, დიასპორისა და სახელმწიფოს ერთობლივი ინტერესების წარმატებით გასატარებლად. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გლობალური პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად გაწეულ საქმიანობასქ და მის შედეგებს.
თავის მხრივ, დიასპორულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს სახელმწიფოსა და დიასპორის ერთიანობა COVID – 19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზაზე და მადლობა გადაუხადეს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს თანამემამულეთა სოციალური, სამედიცინო, თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით გაწეული საქმიანობისათვის. აღინიშნა “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის მნიშვნელობა, დიასპორის ხელთ არსებული რესურსების გასაძლიერებლად.
“აღსანიშნავია, რომ, გარდა დიასპორული ორგანიზაციებისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბრიტანულ-ქართული საზოგადოებები, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, თუ სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას. დაისახა სამომავლო, ერთობლივი თანამშრომლობის გზები.
შეხვედრის დასასრულ, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან ონლაინ შეხვედრები, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.