გიორგი ვაშაძე: დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი პარტიული სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება
”სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე თბილისის მერიის წინ პარტიის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.
ვაშაძის თქმით, სამართალდამცავებმა დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები მათი პარტიული სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
“დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი პარტიული სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო. ჩვენ ვითხოვთ ჯარიმების მოხსნას და სიმბოლურად ვუწესებთ ჯარიმას ბატონ კახი კალაძეს, რომელიც იცავს საბანკო მონოპოლიას და უნდა, რომ 36%-იანი სესხიდან, რომელსაც პენსიონერები იხდიან, კიდევ წაუვიდეთ წილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მერიასთან აქციაზე გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ. შეკრებილები ითხოვდნენ მერიის შენობაში შესვლას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი – პაატა მანჯგალაძე.