სანდრო თვალჭრელიძე: მიმაჩნია, რომ მთავრობა ახლაც ძალიან კარგად მუშაობს

“ის, რაც გიორგი გახარიამ პანდემიის დასაწყისში გააკეთა, გმირობის ტოლფასი იყო და მიუხედავად ახლა მომრავლებული შემთხვევებისა, ჩვენ დიდი დრო მოვიგეთ. მიმაჩნია, რომ მთავრობა ახლაც ძალიან კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტმა ინტერვიუში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა.

“სიმართლე გითხრათ, საქართველოში ყურადღებას დიდად არავინ აქცევს საარჩევნო პროგრამებს და ამის მიხედვით ხმას არც აძლევენ. დასანანია, რომ საქართველოში არჩევნები იქცა არაკრიტიკულ ნებაყოფლობით აქტად, როდესაც ამომრჩევლები პროგრამასა და ქვეყნის მომავალს კი არ აძლევენ ხმას, არამედ ერთ ძალას მეორის ჯიბრზე. ბიძინა ივანიშვილმა და დანარჩენებმაც ყველაზე ხშირად ახსენეს “ნაციონალური მოძრაობა”, რაც უპირველესად სწორედ სხვის ჯიბრზე მათთვის ხმის მიცემაზე წაქეზება იყო. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” სულ მოგებული იქნება, თუ ასე გახლეჩს ამომრჩეველს და პოლიტიკურ ასპარეზს კვლავინდებურად ორ პოლუსად გაყოფს. ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ თუ შეინარჩუნებს ორპოლუსიან სივრცეს, “ქართული ოცნება” ადვილად გაიმარჯვებს. “ნაციონალურ მოძრაობასაც” ხელს აძლევს, რომ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, მაგრამ ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ცოტა სხვა ვითარება იქნება. “ნაციონალურ მოძრაობას” უკვე ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, “ევროპული საქართველო”.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა კოალიციურ მთავრობამდე მივიდეს საქმე, პოლიტიკურ პროცესს რომ ვაკვირდები, ვეჭვობ, ნორმალური კოალიციის ჩამოყალიბება შესაძლებელი იყოს. იმდენად ამბიციური ხალხი უდგება ამ ახალ-ახალ პარტიებს სათავეში. რომ მათ შორის თანამშრომლობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. რომც შედგეს კოალიციური კაბინეტი, ის მეტად არამდგრადი იქნება.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” იმგვარი უმრავლესობის მოპოვებას მოახერხებს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას შეძლებს. ამის ერთ-ერთი ფაქტორი არის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. ის, რაც გახარიამ პანდემიის დასაწყისში გააკეთა, გმირობის ტოლფასი იყო და მიუხედავად ახლა მომრავლებული შემთხვევებისა, ჩვენ დიდი დრო მოვიგეთ. მიმაჩნია, რომ მთავრობა ახლაც ძალიან კარგად მუშაობს.

ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ არსებობს. ასეთებს, მე სოციალური ათეისტები შევარქვი. ვფიქრობ, ამ არჩევნებში არსებით როლს კორონავირუსი არ ითამაშებს.

ერთადერთი ძალა, რომელმაც საინტერესო ფიგურები შემოიკრიბა, “ლელოა”. ძალიან კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, ის კარგი პოლიტიკოსია, მაგრამ უსუფაშვილმა არ იცის პოლიტიკური მართვა, ფულის შოვნა, იმიტომ, რომ წესიერი კაცია. მცდარი ნაბიჯი მგონია მისი “ლელოში” წასვლა, ეს მისი იმიჯისთვის, ვფიქრობ, დამღუპველია. მოკლედ, “ლელოში” ძალიან ბევრი საინტერესო ფიგურაა, ვფიქრობ, “ლელო” იქცევა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ექნება წარმატების შანსი და რესურსი, მაგრამ ეს ვერ მოხდება ამ არჩევნებზე. მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს: შეცდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილის გინება დაიწყეს. ამით პირდაპირ ჩაეწერნენ არსებული ოპოზიციის რიგებში, დამოუკიდებელ ძალად ვერ მოახერხეს პოზიციონირება. არადა, ჰქონდათ შუალედური პოზიციის დაკავების ადამიანური თუ ფინანსური შესაძლებლობები, შეეძლოთ არავინ გაელანძღათ და მთელი რიტორიკა საზოგადოების გამთლიანებისკენ მიემართათ. ახლა ცდილობენ გამოსწორებას, მათგან ლანძღვა-გინება აღარ გვესმის, აქვთ კარგი იდეები, მაგრამ ამის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება და მერე საზოგადოებამდე მიტანა დააგვიანდათ”, – განაცხადა ექსპერტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები