მეუფე შიო: უფალს ჩვენთვის ყველაფრის აღსრულება შეუძლია, მაგრამ როდესაც ვთხოვთ რამე სერიოზულს და დიდს, ჩვენი რწმენა უნდა გამოიცადოს განსაცდელებით

“უფალმა იცის ყველაფერი ჩვენ რა გვიდევს გულში, მაგრამ მას სურს ჩვენ გავერკვეთ ნამდვილად გვინდა თუ არა უფლისგან ამა თუ იმ თხოვნის აღსრულება”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ადამიანმა თვითონაც უნდა დაინახოს და გაიაზროს იმ სათხოვნელის სიდიადე, რის გამოც ის ლოცულობს.

“ხშირად ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, რომ მოგვაშოროს მწუხარება, ტვირთი, გარკვეული სიმძიმე და ვევედრებით სხვადასხვა რამეს. არის ხოლმე არცთუ იშვიათად, როცა უფალი აყოვნებს პასუხის გაცემას, რომ ჩვენი თხოვნები შეგვისრულოს. ჩვენ სამწუხაროდ, გვიფიქრია, რომ ღირს კი საერთოდ ლოცვა, ისმენს უფალი ჩემს ლოცვას თუ არ ისმენს, როდემდე ვილოცო? ხშირად უკან ვიხევთ, ვფიქრობთ, რომ აზრი არ აქვს, უფალი არ ისმენს, არ გვპასუხობს. მიუხედავად უფლის დაყოვნებისა ჩვენ უნდა განვაგრძოთ ლოცვა, მაინც უნდა ვავედროთ მას. უფალი თავისი სისასტიკის და სიმკაცრის გამო კი არ აყოვნებს და არ გვისრულებს ჩვენ ლოცვას, არამედ იმიტომ, რომ გამოიცადოს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სიმდაბლე.

უფალმა იცის ყველაფერი ჩვენ რა გვიდევს გულში, მაგრამ მას სურს ჩვენ გავერკვეთ ნამდვილად გვინდა თუ არა უფლისგან ამა თუ იმ თხოვნის აღსრულება. ნამდვილად არის თუ არა ჩვენთვის ერთადერთი იმედი ღმერთი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც ვევედრებით. ეს ჩვენ თვითონ უნდა დავინახოთ, ადამიანი თვითონ უნდა დარწმუნდეს. უფალს ყველაფრის აღსრულება შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვთხოვთ რამე სერიოზულს და დიდს, აუცილებლად უნდა გამოიცადოს ჩვენი რწმენა განსაცდელებით, გარკვეული მწუხარებებით, გამოიწრთოს ადამიანი, რომ თვითონაც დაინახოს და გაიაზროს სიდიადე იმ სათხოვნელისა, რის გამოც ის ლოცულობს. ასევე უნდა გვქონდეს სიმდაბლე, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის დამსახურებული ნიჭი, ეს არის ღვთის წყალობა. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ასეთი განწყობით ვისწავლოთ ლოცვა. თუ ჩვენ ასე ვილოცებთ დიდი სარწმუნოებით და სიმდაბლით, გავიგონებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სანატრელ ხმას – „დიდ არს სარწმუნოება შენი შვილო, გეყავნ შენ სურვილისამებრ შენისა, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები