„გია მატარაძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა, ბახას როლზე რომ მიმიწვია“ – პოპულარული მსახიობი დღეს პოლიტიკის ასპარეზზეა  

გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა. ზრუნვა და ყურადღება არ აკლდა მშობლებისგან.  სამსახიობო გზა 12 წლიდან დაიწყო, როდესაც პირველი როლი შეასრულა ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩაში“.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური უნივერსიტეტის სამსახიობო  ფაკულტეტი დაამთავრა. მონაწილეობდა ფილმებში: ისინი“ (თემო, მთავარი როლი), მოკვეთილი“ („ბახა“, მთავარი როლი), „ცარიელი სივრცე“, „ხვეული კიბით“, „ანთიმოზ ივერიელი“, სერიალი „ყავა და ლუდი“…  
შეასრულა როლები სპექტაკლებში – ,,ათვინიერებენ მიმინოს, ,,იქ, სადაც ღვარად მოედინება“, მარიამ სტიუარტი“… ეამაყება, რომ რუსთაველის თეატრში კორიფეების გვერდით მოღვაწეობდა. პოპულარულ მსახიობს კარგი მომავალი ელოდა წინ, მაგრამ თეატრში ყოფნის  ბოლო პერიოდში, გადაწყვიტა,  იურიდიული განათლება მიეღო, უფლებადამცველი გამხდარიყო და უსამართლობის წინააღმდეგ ებრძოლა.
დააფუძნა და თავმჯდომარეობს არასამთავრებო ორგანიზაციას – ,,საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“, მისი საქმიანობის 8 წელი პარლამენტსაც უკავშირდება. ბოლო დროს კი პოლიტიკაშია… მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დამფუძნებელია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს.
ამბობს, რომ მისთვის მთავარია სამართლიანობა: მიღებული კანონი, შეიძლება მოეწონოს, ან არ მოეწონოს ვინმეს, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება დიდი უღირსობაა და უბედურება მოაქვს ადამიანებისთვის. – მსახიობის, იურისტის, ადვოკატის და პოლიტიკოსის,  ზვიად თავაძის პერსონა.

რით იყო გამორჩეული თქვენი ბავშვობა?
– ბავშვობა, მართლაც, საოცარი იყო… დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას –  ზღაპრული… ბებიების სითბო, ბაბუების სიკეთე,  ბავშვობის უდარდელობა,  არავის შიოდა, არავის  სციოდა, სტუმრის მოსვლა და სტუმრად წასვლა, სიხარული და ზეიმი იყო. ასე ვუყურებდი სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შეზღუდული იყო. კომუნისტების მმართველობის დროს მშობლები მაინც ახერხებდნენ,  არ მოეკლოთ ჩემთვის სიხარული და ყურადღება.
იმითაც ვიყავი ბედნიერი, სადმე უცხო  გარემოში თუ მოვხვდებოდი და იტყოდნენ, იცით, ეს ბიჭი ვისი შვილია? პოეტის, მსახიობის, ტელედიქტორის, ირმა გურიელის და კინომსახიობისა და რეჟისორის – მერაბ თავაძის. მეტწილად, რამდენიმე წუთი გაღიმებულები, იმის გარკვევას ცდილობდნენ, რომელ მშობელს უფრო ვგავდი. მოკლედ,  ეს „სავიზიტო ბარათი“ დღემდე  ჩემი მეგზურია და ეფექტურად მადგება ცხოვრებაში…

ირმა გურიელი ესმა ბებოს როლში პოპულარულ ტელესერიაში  – „თესეა”

– როგორი გახსენდებათ სკოლის პერიოდი. მსახიობობა ბავშვობიდან გინდოდათ?
– ჩემი ერთი მეგობარი ხშირად  ხუმრობს, – ზვიადი ხომ ჩვენი ,,ერის კლასელია“?! იმდენი სკოლის,  კლასის და ქალაქის გამოცვლა მომიწია, არა მხოლოდ ჩემი მიზეზით, რომ აღარ ვაპროტესტებდი… სადაც მივდიოდით და ნაცნობი შემხვდებოდა,  ეს ჩემი კლასელია-მეთქი,  ვაცნობდი.  იმდენად ბევრი გამოვიდა,  რომ ,,ერის  კლასელი“  შემარქვეს.

რიჩი

მსახიობობაზე როცა მეკითხებიან, ვპასუხობ: – ჩემი ძაღლი რიჩიც კი მსახიობი მყავდა  და სხვა რა გზა უნდა ამერჩია-მეთქი (რიჩი თამაშობდა ტელესპექტაკლებში – ,,დიდი იოსები“ და „არტისტი“).
12 წლის ვიყავი, როდესაც ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩაში“ ვითამაშე თამაზის როლი (თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლი). აქედან დაიწყო ჩემი სამსახიობო  კარიერა.
შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახიობო  ფაკულტეტზე  სწავლობდით. ვის გაიხსენებდით?
– ცხოვრებას  თავისი სასიხარულო  და საინტერესო პერიოდები აქვს.   მათ შორისაა სტუდენტობაც, როცა გული სხვაგვარად ძგერს, ენერგია ულევია, სურვილები უსასრულო, ფანტაზია უკიდეგანო. მე ის თაობა ვარ, ვინც ეროვნული მოძრაობა და  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა შიმშილობის, აქციების, პროტესტებისა და მანიფესტაციების ფონზე გაიარა. თეატრალური ინსტიტუტი, (ადრე ასე ერქვა)  იცით, იქვე  რუსთაველზეა და მთავრობის სასახლემდე მცირე მანძილია.  დღის განმავლობაში ვიყავი: ან აქციაზე, ან  ლექციაზე.
მსახიობის ოსტატობას ორი დიდი მსახიობი გვიკითხავდა – ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძე და ბატონი რევაზ თავართქილაძე. ორი დიდი სულის ადამიანი, რომლებმაც სამსახიობო ხელოვნების გარდა, დარბაისლობის, ღირსების, მოქალაქეობის დიდი  მაგალითი მოგვცეს და მათ ლექციას  როგორ გავაცდენდი?  ეს იყო ,,მასტერკლასი“ ცხოვრებისა და სცენისა…
ქართულ მხატვრულ ფილმში ისინი თემოს როლი შესრულე, ხოლომოკვეთილ მთავარი გმირი ბახას როლი. მონაწილეობდით ფილმებში – „ცარიელი სივრცე“, „ხვეული კიბით“, „ანთიმოზ ივერიელი“, სერიალი „ყავა და ლუდი“…  რომელს გამოყოფდით კინოროლებიდან, მითუფრო, რომ ქართული სცენის ოსტატების გვერდით თამაშობდით?
– ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი სიამოვნება იყო  ჩემთვის კინოგადაღება, გახმოვანება, შემდეგ კინოპრემიერა… შეფასებები და ულევი სიხარული… ყველა როლი თავისებურად საყვარელია ჩემთვის.
ავტორის ბუმბერაზობიდან გამომდინარე, ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილს“ გამოვყოფ, სადაც  მთავარი როლი შევასრულე. მართლაც, დიდი განცდა იყო ჩემთვის ამ გმირის განსახიერება. ძალიან საინტერესო გადაღებები – ხევსურეთში,  ინგუშეთში  და  შემდეგ თბილისში. ფილმის რეჟისორმა  გია მატარაძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა, ბახას როლზე რომ მიმიწვია … ნათელი მის სულს…
– სპექტაკლებშიც ითამაშეთ – რუსთავის  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრისპექტაკლ ,,ათვინიერებენ მიმინოს; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის  სპექტაკლებში ,,იქ, სადაც ღვარად მოედინება(კრუპიე), მარიამ სტიუარტი (ლაისტერი)
პოპულარულმა კინომსახიობმა, რატომ აღარ გააგრძელეთ მსახიობობა?

ბახა – „მოკვეთილი“

თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, ხატვაა ცოცხალი ადამიანების მონაწილეობით, დროსა და სივრცეში…  საოცარი შეგრძნებაა უხილავი უკუკავშირი მაყურებელთან, თითოეულის რეაქციას გრძნობ და იმუხტები, თუ ოვაცია დაიმსახურე, უზომოდ ბედნიერი ხარ. ყოველ წარმოდგენას სულიერი ძალების მობილიზება და დიდი ენერგია სჭირდება.
რუსთაველის თეატრში კორიფეებთან ერთად მომიწია სპექტაკლში მონაწილეობა: გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, ეს პერიოდი დაუვიწყარია ჩემთვის, მადლობა მათ პარტნიორობისათვის. მსახიობი ის საღებავია, რომელსაც თუ არ გამოიყენებ, გარკვეული დროის შემდეგ თვისებებს კარგავს… უფერული ხდება…  მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა მე არ მქონდა, სხვისდამი უსამართლობას ვერ ვეგუებოდი.
ცხოვრების მანძილზე ბევრი უსამართლობის მომსწერე გავხდი და გადავწყვიტე, იურიდიულზე ჩამებარებინა და იურისტი გავმხდარიყავი… ასე დავემშვიდობე ჩემს პირველ პროფესიას.
– ადვოკატთა ასოციაციაშიც მოღვაწეობთ… დააფუძნეთ და თავმჯდომარეობთ არასამთავრებო ორგანიზაციას – ,,საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“… რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება და რა იყო მნიშვნელოვანი ამ მხრივ თქვენს მოღვაწეობაში?
– თეატრში ყოფნის  ბოლო პერიოდში, გადავწყვიტე  იურიდიული განათლება მიმეღო, უფლებადამცველი გავმხდარიყავი და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლა. ამას თან მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში და გაუსაძლისი  ყოფა, დარღვეული უფლებები, ნულოვანი ტოლერანტობა, უკანონო პატიმრობები  და დაშინებული საზოგადოება.
– თქვენს ბიოგრაფიაში ჩაწერილია პარლამენტის აპარატში 8 – წლიანი საქმიანობაც…
2012 წლიდან  დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატში, არაერთ პოზიციაზე ვიმუშავე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგების საკითხთა დროებით  კომისიაში.
იმ დროს იმდენი წერილი მოდიოდა სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებიდან  სულის შემძვრელი შინაარსით, საკუთარი სისიხლით დაწერილ წერილებსაც ვიღებდით. ეს იყო შოკი…
ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის განცდა იყო, როდესაც 2012 წლის 28 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო  საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“,  რომლის მომზადების თანამონაწილე მეც ვიყავი. ბევრი პოლიტპატიმარი გამოვიდა საპატიმროდან, მათ შორის სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ეს იყო დიდი სიხარული, როცა ამდენი ნატანჯი, ნაწამები ადამიანი სახლებს და ოჯახებს დაუბრუნდა.
– ბოლო დროს პოლიტიკაში ხართ…  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი დამფუძნებელი ხართ… ეს ახალი პარტიაა. როგორ ფიქრობთ, დღეს ავტორიტეტდაკარგული პოლიტიკოსების ფონზე, რამდენად მოიპოვებს თქვენი პარტია მოსახლეობის ნდობა?
– პოლიტიკაში ყოფნა და მის წიაღში ცხოვრება, სიამოვნებაა, როდესაც შენ სიმართლეს ემსახურები. თუ შენ გვერდით დგანან  განათლებული, გულანთებული, სამართლიანი, შრომისმოყვარე  და სუფთა წარსულის ადამიანები. სწორედ  ასეთი ერთობაა წარმოდგენილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით – 19.
რაც შეეხება ნდობას,  იმისთვის, რომ ნდობა მოიპოვო, ბევრი უნდა იღვაწო, რასაც ჩვენი გუნდის მოქმედი პარლამენტარები და პარტის  წევრები, წლების მანძილზე, სამართლიანობისათვის  შეუპოვარი  ბრძოლით ახორციელებენ.
 არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრით კენჭს  ნაძალადევის რაიონში. იმედია, თქვენი დაპირებები სხვა პარტიათა ტრაფარეტული დაპირებების მსგავსი არ იქნება…

ზვიად და გიორგი თავაძეები მამასთან – მერაბ თავაძესთან ერთად

– სურვილი, იზრუნო ადამიანებზე, არც არჩევნებიდან იწყება და არც არჩევნების შემდეგ მთავრდება. ამ ფორმატში, ძნელია, სრულფასოვნად  ისაუბრო  საარჩევნო პროგრამაზე, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი  ის პრიორიტეტები, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ჩვენი პროგრამა არ შექმნილა მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ნათლად წარმოადგენს ბრწყინვალე სტრატეგიას, ქვეყნის კრიზისიდან გამყვანისა და  კეთილდღეობისათვის.
წარმოდგენილი გვაქვს საარჩევნო პროგრამის 19 პრინციპი, რომელთაგან რამდენიმეს შევეხები. ჩვენ დავნერგავთ სამართლიან საგადასახადო სისტემას, რაც გულისხმობს დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 10%-ით დაბეგვრას (ეს შეღავათი 620 000 ადამიანს შეეხება), ხოლო შესაბამისად მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, შედარებით უფრო მაღალ დაბეგვრას, რაც დამაბალანსებელი იქნება საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად. დაწესდება მინიმალური ხელფასის დონე (საშ. ხელფასის 45%), რაც, დღევანდელი მდგომარეობით, 540 ლარს შეადგენს.
დაინერგება უმუშევრობის დახმარების სისტემა, დავნერგავთ რეფორმებს სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულებითსვის. ჩვენს უფროს თაობას, შევუქმნით ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომელსაც ვასაბუთებთ! ეს არ იქნება, მხოლოდ სურვილი ან ცარიელი საარჩევნო დაპირება. ასევე  ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
ჩვენი  საარჩევნო პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის ჩვენდ ფეისბუქგვერდზე. პანდემიის დამაბრკოლებელ პირობებშიც, გვქონდა და, შეძლებისდაგვარად,  გვექნება შეხვედრა მოსახლეობასთან,  სადაც მოვუყვებით და დავუსაბუთებთ ყველა დეტალს.
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით, პირველ რიგში, როგორც პოლიტიკოსი?

ზვიად თავაძის შვილები  – სალომე და ელენე

– პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს  ურთიერთობის მანკიერი ფორმები და ამომრჩეველს მეტი პატივი მივაგოთ, არ ვაყურებინოთ უნიჭოდ შესრულებული, ცუდი საცირკო წარმოდგენები. პატივი ვცეთ სახელმწიფო ენას!  მეტი სინდისით, პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ვეცადოთ, ვიყოთ მართლა ხალხის მსახურნი. სიტყვას ჰქონდეს ფასი და მის მთქმელს ღირსება, რომ არ დაემალოს ადამიანებს.
მიღებული კანონი შეიძლება მოეწონოს, ან არ მოეწონოს ვინმეს, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება დიდი უღირსობაა და უბედურება მოაქვს ადამიანებისთვის!
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ბევრი ბედნიერი ადამიანის ხილვაა, მათთან  მოლხენა… სიმღერა, საინტერესო  ამბების მოყოლა და მოსმენა… სიცოცხლით ტკბობა… გაჭირვებულთა შეწევნა… დაცემულთა თანადგომა… ბედნიერების თანაზიარობა.
– ოჯახი…
– ოჯახი სიხარულია, შვილები – ბედნიერება… მყავს ორი, მართლაც გამორჩეული შვილი – სალომე და ელენე, მყავს მეუღლე ეკატერინე, მზრუნველი, მომთმენი და მოსიყვარულე…
როგორც მრავალი ადამიანი ამ ქვეყანაზე, ცხოვრების ახალ-ახალ გამოწვევებთან ერთდ, რუდუნებით მივყვებით ცხოვრების გზას…
 სამომავლო გეგმები.
– ,,კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდა“… რა გითხრათ?..   ჩვენი ყოველი დილა, ცხოვრების საგზალი და ხვალინდელი დღეც, უფლის საჩუქარია…
სადაც  არ უნდა ვიყოთ, რასაც  არ უნდა ვაკეთებდეთ,  უნდა ვიღვაწოთ ჩვენი წინაპრების მსგავსად, ღვთისა და ერის სადიდებლად, ჩვენი საქართველოს საკეთილდღეოდ…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები