თეა წულუკიანი: განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია, მოწესრიგდა სისხლის სამართლის სტატისტიკა

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და პარლამენტის ოპოზიციის უფლებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემოღებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსების აბსოლუტურად სამართლიანი წესი.

„შემოღებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსების აბსოლუტურად სამართლიანი წესი, განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა და პირველად საქართველოში დაინერგა საჯარო სამსახურის ე.წ კარიერული მოდელი. საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის თვალსაზრით, გაუმჯობესდა საჯარო სერვისის ხარისხი და სერვისების, როგორც ფიზიკური ისე, ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა. გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობა, გაფართოვდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და ფინანსური რესურსები. შემოღებულ იქნა მერების პირდაპირი არჩევის წესი და დამტკიცდა დეცენტრალიზაციის ამბიციური სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის. გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ყველა სფეროში. ხორციელდება პროგრამა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კარგ საფუძველს ქმნის წარმატებული შერიგების პოლიტიკის განხორციელებისთვის და ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმების დასაბრუნებლად.

ასევე, ჩვენ ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თვისობრივად გავაუმჯობესეთ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი, გაუმჯობესდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი და სახელმწიფო ენის ცოდნის დონე უმცირესობების წარმომადგენლობებს შორის. სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლდა უმძიმესი პოლიტიკური წნეხისგან, რაც პირდაპირ აისახა სასამართლო სტატისტიკასა და საერთაშორისო რეიტინგებზე, როგორც აქ ითქვა.

2012 წლიდან ორჯერ გაიზარდა სასამართლოსადმი მიმართვიანობა, სწორედ ამ ნდობის წყალობით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე დამკვიდრდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექნიზმები, მედიაციისა და არბიტრაჟის სახით. სამართალდალმცავ ორგანოებში გადაცდომისა და ობიექტურად გამოძიების მიზნით შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაადამიანურება მოხდა. მოწესრიგდა სისხლის სამართლის სტატისტიკა. პენიტენციურ სისტემაში აღიკვეთა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების ოდენობა, ხოლო 12-ჯერ პატიმრების სიკვდილიანობა საპატიმროებში. განხორციელდა პროგრამები, რომლებიც პატიმრებს რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს და მირავალი სხვა.

„ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წეს-წყობილებას ჩვენს ქვეყანაში. ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და თანასწორობა, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა კვლავაც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება და გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო პრინციპი იქნება. გაძლიერდება პარლამენტის როლი მმართველობის სისტემაში, განსაკუთრებით კი მისი საზედამხედველო ფუნქციები. გაძლიერდება საჯარო სამსახურის სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასა და ანაზღაურების სიტემის გაუმჯობესებას. ჩამოყალიბდება პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტიანი და ინკლუზიური სისტემა. მუდმივად გაუმჯობესდება საჯარო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, მათ შორის მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება კიდევ უფრო მეტ ელექტრონულ სერვისზე წვდომა. „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, რის საფუძველზეც გაფართოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და არანაკლებ მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე გაიზრდება მუნიციპალიტეტთა შემოსავლები. საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეფექტიანი და კომპეტენტური თვითმმართველობა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ფართო ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის სწავლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მოსამართლეთა და სამოსამართლო პერსონალის უწყვეტი პროფესიონალური განვითარება. გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესი სხვადასხვა მიმართულებით. დამტკიცდება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. გაგრძელდება საგზაო მოძრაობის პროგრამის განხორციელება. გაძლიერდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები.

პროფესიული განვითარების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამოძიების ხარისხი. გაგრძელდება პენიტენციურ სისტემაში სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება. მსჯავრდებულთათვის უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების, პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და განათლების კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობები. პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდება ჯანდაცვის სერვისები. დაინერგება თავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა და გაუმჯობესდება თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. ეს პროცესი არ შეჩერდება. აშენდება ახალი, მცირე ზომის და საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რომელიც მთლიანად იქნება მორგებული ბრალდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს. აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის მიზნით კვლავაც აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები