კახა კალაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იქნება სამუშაო
“ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, პრობლემებიც არსებობს.
„ბევრი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა დარგი და მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამ არის გაკეთებული. დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცვით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ასევე, სასამართლოს რეფორმა, რაც ჯერ დასრულებული არ არის, აუცილებელია მეოთხე ტალღა. საგარეო მიმართულებით გაკეთდა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან. ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანი, ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი. თუმცა არის გამოწვევები. თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, არის ქვეყანაში პრობლემები – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოსასწორებელი, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა მთლიანად მსოფლიოში. ძალიან ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.