„კომპანიიდან გვწერდნენ, რომ ჩვენთან ურთიერთობისას საჭირო იყო მათრახი“ – „სილქნეტმა“ გაფიცული თანამშრომლები გაათავისუფლა

კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკური ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომლების, მზეონა საძაგლიშვილისა და ვასო თედიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომპანიაში დასაქმებულებმა გაფიცვა დაიწყეს, „სილქნეტმა“ 55 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მზეონა საძაგლიშვილმა და ვასო თედიაშვილმა განაცხადეს, “სილქნეტის“ ადმინისტრაცის წარმომადგენლები გაფიცულებს ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, კომპანიაში წლების განმავლობაში დასაქმებულების დატვირთვა და სამუშაოს მოცულობა იზრდებოდა, მაგრამ ანაზღაურება იგივე რჩებოდა.

„გვინდა, ავხსნათ გაფიცვის მიზეზები. 3 წლის განმავლობაში თანამშრომლების სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. პირიქით, სამუშაო პირობები უარესდებოდა. გვემატებოდა, რთულდებოდა სამუშაო. რამდენჯერმე მივმართეთ კომპანიას, რომ მომხდარიყო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 30 %-ით ზრდა. 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა ადმინისტრაციასთან, მაგრამ მათ ყოველთვის ჰქონდათ პასუხი, რომ კომპანიას არ ჰქონდა ამის რესურსი.

კომპანიას არ ჰქონდა ტექნიკურად გამართული სამუშაო გარემო, მოძველებული და დაზიანებული ტექნიკის გამო. პანდემიის დროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა სამუშაო ინვენტარზე. დისტანციურ სამუშაო რეჟიმში იყენებდნენ საკუთარ კომპიუტერებსა და მოწყობილობებს. დასაქმებულების ნაწილს მოუწია სესხის გამოტანა კომპიუტერის შესაძენად, რადგან კომპანიამ უარი განუცხადა ტექნიკით უზრუნველყოფაზე.
7 სექტემბერს კომპანიას მივწერეთ მეილი, სადაც დაფიქსირებული იყო 100 თანამშრომლიდან 83-ის სახელი და გვარი, რომელიც მონაწილეობდა გაფიცვაში – ისინი აპროტესტებდნენ „სილქნეტში“ მიმდინარე პროცესებს. მეექვსე დღეს ყველა თანამშრომელს სათითაოდ დაგვიკავშირდნენ ჩვენი ჯგუფის უფროსები და დაგვიყენეს პირობა: ან დავრჩებოდით კომპანიაში, ვიმუშავებდით იმავე პირობებში და ხმას არ ამოვიღებდით ამ მიმართულებით, ან დავტოვებდით სამსახურს. ცინიკური გამონათქვამით გვირჩევდნენ: ჯობდა, წავსულიყავით ჩვენი ნებით, ვიდრე კომპანიიდან გაგდებულის სახელი გვქონოდა. თქვეს, რომ ხელფასის გაზრდის თემა არც განიხილებოდა და ჯობდა, სამსახურიდან წავსულიყავით. „სილქნეტმა“ გააკეთა განცხადება, სადაც წერდა, რომ თანამშრომელთა მცირე ჯგუფი იყო გაფიცული. არ ვიცი,რამდენად მცირეა, როცა განყოფილების 70 % იფიცება. 14 სექტემბერს დაიწყო გაფიცვა. ამის შემდეგ 55 თანამშრომელი სამსახურიდან გამოგვიშვეს.

გაფიცული თანამშრომლების, დაახლოებით, 50 %-თან იყო კონკრეტული საუბარი, რომ თუ არ გავჩუმდებოდით, გამოგვრეკდნენ სამსახურიდან. კონკრეტული პირი, რომლიც ტრენინგს გვიტარებდა და საზოგადოებასთან ურთიერთობას გვასწავლიდა, გვწერდა, რომ, თურმე, ჩვენთან ურთიერთობისას საჭირო იყო მათრახი და უარესის ღირსები ვიყავით“, – განაცხადა ვასო თედიაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი სამსახურში აღდგენასა და ხელფასების 30 %-ით ზრდას ითხოვენ.
მზეონა საძაგლიშვილის განცხადებით, არაა გამორიცხული, სასამართლოსაც მიმართონ.
„თუ კომპანია სხვა გზას არ დაგვიტოვებს, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. 50-მდე ადამიანი ოფიციალურად ვართ გათავისუფლებულები. დანარჩენებმა საკუთარი ნებით დაწერეს სამსახურიდან წასვლაზე განცხადება და გაგდება არ დაუფიქსირდათ დოკუმენტში“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები