პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებენ

აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებენ.
იქამდე, სანამ მოსწავლეები საკლასო ოთახებში შევლენ, გაივლიან დეზობარიერებს, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საკლასო ოთახებში ერთმეტრიანი დისტანციით დასხდებიან.
რაც შეეხება მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს, მათთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, თუ მოსწავლე თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოს.
„სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს იმფორმაციაში.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის ფაქტის შემთხვევაში, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები