მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლების სფეროსა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დიდი გამოწვევის – პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის თანადგომა ფასდაუდებელია.
მიხეილ ჩხენკელმა კრიზისის დროს გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა და დისტანციური სწავლებისა და პროექტ „ტელესკოლის“ ეფექტიანად დანერგვის საკითხსაც შეეხო. მან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის გეგმა გააცნო, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტების საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად დაბრუნებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, მოსწავლეებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნდების თარიღები კორონავირუსის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვებითა და ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
სებასტიან მოლინეუსმა COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების დანერგვის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ეს ცალსახად მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარე ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
მისი შეფასებით, პროექტი, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება და მათთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განვითარების სწორი გზით მიდის.
შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრეს, კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ, რომლის დახვეწა მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროფესიული განათლების მიმართულებით საუბარი მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ახალი სტანდარტის შექმნას შეეხო, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მუშავდება. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ შეიქმნა პროფესიული უნარების ახალი სააგენტო – “TheSkillsAgencyofGeorgia”, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებაა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ის თვალსაჩინო იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან და ახლადდანიშნულ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ლიდერთან სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერთან ონლაინრეჟიმში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: ეკატერინე დგებუაძე, ნუნუ მიცკევიჩი და თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.