ირაკლი სესიაშვილი: კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სტოლტენბერგს სერიოზული მხარდამჭერი განცხადებებისთვის

“სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენადაც როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა”, – ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებებზე ოპოზიციის შეფასებებს.

სესიაშვილმა სტოლტენბერგს მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

“მართლაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებები მთელი რიგი მიმართულებით, თავდაცვის უსაფრთხოების სექტორში, ასევე ძალიან ინტენსიურია ჩვენს შორის თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებში, შესაბამისად, ძალიან პოზიტიური იყო ის მოლოდინები რაც უკავშირდება საქართველოს ნატოში რეალურ ინტეგრაციას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სტოლტენბერგს სერიოზული მხარდამჭერი განცხადებებისთვის. რა თქმა უნდა, არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ ვერანაირად ვერ დადგება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩაივლის. ბატონი სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენადაც როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ მათი მხრიდან მომდინარეობს უმეტეს შემთხვევაში პროვოკაცია და მათ აქვთ სურვილი, რომ არჩევნებმა არ ჩაიაროს სათანადოდ მშვიდობიან გარემოში, რომ ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური პრეტენზიები რათა გაამართლონ თავიანთი პოლიტიკური მარცხი”,- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები