ირაკლი ბერაია: საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, გაიზარდოს ჩვენი პარტნიორების როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერა

„საქართველოს და მის მოქალაქეებს აქვთ სურვილიც, სწრაფვაც და შესაძლებლობაც ჩვენი წვლილით, პასუხისმგებლობით და ქართული გამოცდილებით განვამტკიცოთ ევროპული ღირებულებები და გავაძლიეროთ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა და ბრიუსელში პრემიერის მიმდინარე ვიზიტიც სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის დარგობრივ ევროკომისრებს, ისევე როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტს და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს პროგრესმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიაღწია უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს, დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოდან უმაღლესი დონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრებით და შინაარსობრივად დატვირთული ეს ვიზიტი ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების პრიორიტეტულობას, მის შეუქცევადობას და მეორე მხრივ, ნატოს და ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალობას და მის მნიშვნელობას”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატოს მთავარი ასპირანტი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, ფლობს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ალიანსში გაწევრიანებისთვის, ის ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

„ნატო-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მზარდ დინამიკაზე აგრეთვე მეტყველებს გენერალური მდივნის, ნატოს სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტების, ისევე როგორც ნატოს სამხედრო ხომალდების საპორტო ვიზიტების და ერთობლივი წვრთნების გაზრდილი და გახშირებული რაოდენობა. საქართველო დღეს ბევრად უფრო თავსებადია ნატოსთან, ვიდრე მისი ზოგიერთი მოკავშირე და სრულად პასუხობს ალიანსში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნას”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით, საქართველომ განიცადა ფუნდამენტური წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში, ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში და საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ დიალოგში ჩართულობამ, კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან. ისტორიულად, ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, მიმდინარე ვიზიტი წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ევროპელ და ნატოელ პარტნიორებთან განხილული იყოს: თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და მათი გაღრმავების პერსპექტივები; ორმხრივად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, რეგიონში არსებული გამოწვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას; რუსეთის იძულებას შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები; საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია; ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ მედეგობის გაზრდა და ამ მიმართულებით ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების დაგეგმვა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების განხილვას, ნატოში გაწევრიანების პრაქტიკული ინსტრუმენტების, ისე როგორც, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას აღსრულების მიზნით პოლიტიკური მხარდაჭერის კიდე უფრო გაძლიერებას, ისევე როგორც ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღინიშნა, რომ მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას პანდემიის შედეგად სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, არამედ ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები