„დიდგორელის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო შეხვედრები მოეწყობა
კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მეორე წელია, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროექტი – ,,დიდგორელი“ ხორციელდება.
პანდემიის გამო, პროექტმა საკლასო ოთახებიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა და მას საგანმანათლებლო ექსკურსიების სახით ახალი კომპონენტი დაემატა. „დიდგორელის ტურის“ მიზანია სხვადასხვა ისტორიული ადგილის მონახულება და ადგილზე საქართველოს ისტორიის შესახებ ლექცია-სემინარების მოწყობა.
„მოხარული ვარ, რომ საგანმანათლებლო პროექტი – „დიდგორელი“, რომელმაც დროის მოკლე პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვემო ქართლში, კვლავ ბრუნდება და მას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა ღია ცის ქვეშ ორგანიზებული ლექცია-სემინარების სახით. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეები ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობნენ V საუკუნის ეპოქის შესახებ, რომლითაც თარიღდება ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრების ძეგლი – ბოლნისის სიონი. ეს შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი და, ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით, „დიდგორელი“ შემოდგომის მანძილზე კიდევ 2 საინტერესო ტურს უმასპინძლებს“, – განაცხადა „არემჯის“ პიარმენეჯერმა, ნატალი ნოზაძემ.
პირველი ტური თეთრიწყაროელი მოსწავლეებისათვის ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე გაიმართა, რომლის ეზოშიც არქეოლოგიური კვლევები 2017 წლიდან ,,არემჯის” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის“ფარგლებში მიმდინარეობს. სემინარს ისტორიკოსი და მკვლევარი – ლევან ჟვანია უძღვებოდა, რომელმაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ლექცია – „ვახტანგ გორგასალი – ბოლნისის სიონი“ თემატიკაზე გამართა. „დიდგორელის ტურის“ მონაწილებს შეხვედრის დასასრულ სიგელები, წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
,,საგანმანათლებლო პროექტი – ,,დიდგორელი“ უკვე 2019 წლიდან ძალიან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საჯარო სკოლასა და მუნიციპალიტეტთან. ჩვენ რამდენიმე ძალიან ფართო ღონისძიება ჩავატარეთ, რაც გულისხმობდა ისტორიის კონკურსის ჩატარებას. დღეს ბოლნისის სიონში ლექციას თეთრიწყაროს „დიდგორელები“ დაესწრებიან, რომლებიც ბოლნისის სიონის ისტორიას გაეცნობიან. მომავ ლექციას მანგლისის სიონში გავმართავთ ბოლნისელი ბავშვებისათვის, სადაც ლექცია იქნება დახუნძლული სხვადასხვა საინტერესო ფაქტით. მესამე შეხვედრა მოეწყობა ორივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის ბოლნისში – ტური გერმანულ უბანში, სადაც გერმანულ და ქართულ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ”, – განაცხადა პროექტ ,,დიდგორელის“ ავტორმა, ლევან ჟვანიამ.
2019 წელს თეთრიწყაროსა და ბოლნისისმუნიციპალიტეტებში ისტორიის კონკურს „დიდგორელში“700-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტში გამარჯვებულებს ,,არემჯის“ მიერ დაწესებული 6-თვიანი სტიპენდია დაენიშნათ.