თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

უწყების ცნობით, მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილები დაათვალიერა, სადაც უკვე დამონტაჟებულია გერმანული კომპანიის GROHE-ს წარმოების თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი. მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს. ამ მიზნით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ღია და დახურულ სივრცეებში არსებული მულტიფუნქციური სტადიონებისა და სავარჯიშო დარბაზების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, სპორტული სივრცეები ახალი, უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობებით აღიჭურვება.

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე  – ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები