“ნაცმოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ტრადიციული და ახალი ლიდერებით დაკომპლექტებული ბრწყინვალე გუნდი წარადგინეს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრწყინვალე გუნდი წარადგინეს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ეს არის გუნდი, რომელიც საქართველოს განვითარებისა და პროგრესისთვის ყველაფერს გააკეთებს.

“ამდენი სირთულის მიუხედავად, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლეს, რომ ტრადიციული და ახალი ლიდერებით დაკომპლექტებული ბრწყინვალე გუნდი წარედგინათ.
აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი – მანუჩარ კვირკველია. აქ არის ბრწყინვალე ექიმი – მალხაზ ჯალაღონია. აქ არის ნანუკა ჟორჟოლიანი – ვარსკვლავი და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი. აქ არის დევი ჭანკოტაძე, რომელიც უნდა ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა, იქნება ჩვენი სიის წამყვანი წევრი, რადგან მას უდიდესი საქმეები აქვს გაკეთებული საკუთარი ქვეყნისთვის. აქ არიან გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი დგას აქ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
ეს არის გუნდი, რომელიც საქართველოს განვითარებისა და პროგრესისთვის ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები