შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ძირითადი სერვისების შეფასება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ.
“შეხვედრის ფარგლებში, შშმ პირებმა პირადად ისარგებლეს შენობაში გადაადგილების სხვადასხვა მარშრუტითა და სერვისებით და შეაფასეს, რამდენად არის ისინი მორგებულნი მათ საჭიროებებზე.
ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს „სერვისლაბი“, რომელიც 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით დაარსდა და მას შემდეგ არაერთი ინიციატივა განახორციელა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დანერგვის მიმართულებით.
ღონისძიება პროექტის – „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“ – ფარგლებში გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას, მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიანი და ინკლუზიური მიწოდების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღნიშნულ მომსახურებაზე წვდომის გაზრდის გზით.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, ხოლო საკონსულტაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია GEC. აღნიშნული დახმარება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.