დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობა
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში თანდათან მდგომარეობა იძაბება.
„ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა, განსაკუთრებით რუსეთში. ჩვენთანაც განსხვავებულია ინფიცირებულთა რაოდენობა, ვიდრე აქამდე იყო. საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ საწყისი ფაზები, მწვანე ზონაში დავრჩით და ახლა, ამ მონაცემებით, თუ არ გავითვალისწინებთ აჭარას, ვართ ისევ მწვანე ზონაში. საპანიკო არაფერია, თუმცა საყურადღებო ნამდვილად არის. ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში მოგვიწევს იმ რეკომენდაციების შესრულება, რა რეკომენდაციებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის უწყებებთან ერთად. ამ პროცესის მართვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სწორი და დროული რეკომენდაციების გაცემა არ არის საკმარისი, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებაა უმნიშვნელოვანესი. აჭარაში მდგომარეობა გაუარესდა სწორედ იმიტომ, რომ რეკომენდაციები არ იქნა შესრულებული. ეს განაპირობა მობილობამ. შიდა მიგრაცია ზღვისპირეთში იყო მაღალი. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ჩვენ არაფერს ვამბობთ ახალს. გლობალურად, ყველა სახელმწიფო ემზადებოდა შესაძლო მეორე ტალღისთვის და ვემზადებოდით ჩვენც”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღესაც საქართველოს მდგომარეობა ქვეყნებს შორის პოზიტიურად გამოიყურება.
„ჩვენ მოვიგეთ დრო და დღეს ჯანდაცვის სისტემა და ყველა უწყების მზაობა უფრო მაღალია. ამასთან დღეს უკვე დიდი გამოცდილება აქვს როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე ჩვენც”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ამან არ უნდა გაათამამოს საზოგადოება. „ამ ვირუსს აქვს თავისი მახასიათებელი, რაც უკვე შესამჩნევია. იქ, სადაც მოსალოდნელ ხიფათს არ ითვალისწინებენ, ზიანი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო სადაც რეკომენდაციები არის დროული და გათვალისწინებული, იქ ზიანი არის მინიმალური. ჩვენ ვიცით უკვე, როგორ მოვიქცეთ: მკაცრად უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება, ნიღაბი უნდა იყოს ყოველდღიური ატრიბუტი, რადგან დადგენილია, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის დასაცავად”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს პირდაპირი მოქმედების პრეპარატი და არც ვაქცინა, ამიტომ ვირუსის არსებობის პირობებში თუკი რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, რისკები გაიზრდება.
„საქართველოს აქვს თავისი გამორჩეული, მახასიათებელი რისკები. მოსახლეობის ხანდაზმულთა სეგმენტი არის საკმაოდ დიდი, 20%-ზე მეტი. ეს არის რისკჯგუფი. ასევე გასათვალისწინებელია იმ ადამიანების ჯანმრთელბის მდგომარეობა, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვს ჭარბად. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობა. გვაქვს კიდევ ერთი ვალდებულება – დავიცვათ მშობლების თაობა, რამეთუ ისინი რისკფაქტორს წარმოადგენენ. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს – თუ წესებს ვარღვევთ, ეს სახიფათოა ჩვენთვის, მაგრამ ასევე სახიფათოა ჩვენი ოჯახის წევრებისა და სხვათათვის. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფენქციო სითხეების გამოყენება. ჩემი აზრით, ნიღაბი უნდა გამოვიყენოთ არა მარტო დახურულ სივრცეებში, როგორც რეკომენდაციებშია, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.