“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს.
NDI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.
„NDI-ის ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებსა და NDI-ის თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმას გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.
NDI-ის საერთაშორისო გრძელვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება”, -აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც NDI ავრცელებს.