ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო, ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით – „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს.
დღესვე უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეს მხედრული ვალის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადეს.
ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად, ქართველი ოფიცერი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.