ხუნდაძე – „ნაციონალურ მოძრაობას”: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი – არა

„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის “, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური ვარდნა.

„ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ, თითქოს მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. მგონი, იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე. კოვიდ 19-თან დაკავშირებით საქართველოს გამორჩეული შედეგის ერთ-ერთი განმსაზღველი არის ის, რომ ჩვენ საკარანტინო სიტუაცია ავამოქმედეთ. დადასტურებულ შემთხვევათა შორის 20% დადგენილია სწორედ საკარანტინო სივრცეებში. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი რომ გარეთ, სოციუმში გამოსულიყვნენ, რამდენად დიდი იქნებოდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი! კითხვა, თუ ახლა რატომ არ ვკეტავთ, როცა ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქს, შეიძლება მსმენელმა ლოგიკურად აღიქვას, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დასმა. საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო მეტი, ვირუსის აგრესიულობის ხარისხი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%. ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ რისკები იყო უფრო მაღალი და ჩვენ იმ პერიოდში ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრილად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ასევე მოვიგეთ დრო, რომელიც ასეთ დროს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სექტორი გაცილებით მძლავრი იყო , ვიდრე საქართველოს ჯანდაცვა და უფრო მეტი გამოცდილება და ფინანსური რესურსი ჰქონდათ, შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა. ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, გართულებული პაციენტებიდან ვინ დაეერთებინათ აპარატზე და ვინ არა.

ჩვენ დღეს მზად ვართ. თუ მანამდე 5 კლინიკა იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, დღეს უკვე 2 ათეულზე მეტი კლინიკაა ჩართული, და კლინიკების 80% სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტები. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვისაყვედურა, რომ კერძო სექტორია ჩართული და ვავალდებულებთ მიიღონ ამ სისტემაში მონაწილეობა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო კლინიკების უმეტესი ნაწილი გასხვისებული და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში მოვხვდით, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.

ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. მათ ტყულით დაიწყეს და ტყუილით ასრულებენ. ნაციონალური მოძრაობის ფსიქოემოციური აშლილობის ტოლფასი ნერვიულობა განპირობებულია იმით, რომ მათი დრო იწურება. ტყუილია ის, რომ ქვეყანაში სიცოხლის ხანგრძლიობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლიობა შემცირდა და 1 თვეს და რამდენიმე დღეს ითვლის, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოხლის ხანგრძლიობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის ტყული, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

შემდეგი ტყუილია ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის და ეს სოციალური გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს დღევანდელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მარამ სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არცერთი ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენც გვაქვს საქმე ისევე , როგორც მსოფლიოს – მოქალაქეების 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუებიან.

მორიგი გაუგონარი ტყუილი, რომ ჯანდაცვის სერვისები დღეს ხელმიუწვდომელია ჩვენს ქვეყანაში. როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს და გვახსოვს დრო, როცა ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო იღუპებოდნენ. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეის მონაცემებით, 8 მლნ სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და საერთო დანახარჯი 7 მლრდ ლარამდეა. ეს ის თანხებია, რისთვისაც მოქალაქეები საკუთარი ქონებით მიადგებოდნენ ხოლმე ბანკებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო და შემდეგ ძალიან ხშირად ქუჩაში რჩებოდნენ.

ჩვენ ვდგავართ მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომელიც მსოფლიოშია შეფასებული პანდემიად. პანდემია არ არის ლოკალური, რომელსაც ქმნის ადგილობრივი მთავრობა ან მხოლოდ ადგილობრივი მთავრობები ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში გამკლავებას. ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ვაფასებთ საერთო ეპიდომიოლოგიურ ვითარებას და მხოლოდ საკუთარზე არ ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ელემენტარული ცოდნა თუ ეპიდემიოლოგიის მიმართულებით არა, ჯანმრთელობის დაცვის დარგში მაინც. როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, საერთო შეფასება უნდა მოხდეს და არა ისე ვისპეკულიროთ, როგორც ოპონენტები აკეთებენ ამას.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს , მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი.

1 თვე დაგვრჩა და საზოგადიოებას ვთხოვ, ავიტანოთ ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ. რადიკალური ოპოზიციის სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ. ეს მომავალი არ იქნება! – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები